,,ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აშკარაა არასწორი მართვა” – რა შეცდომებზე მიუთითებს გერმანიაში მცხოვრები ექიმი ქართველ კოლეგებს
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი იმ შეცდომებზე წერს, რომლებსაც საქართველოში ექიმები უშვებენ და პაციენტები ფატალურ შედეგებამდდე მიჰყავთ.
,,ახლა გამომიგზავნეს ერთი ახალგაზრდა პაციენტის ფილტვის კტ, დიდი ლობური ფილტვის ანთებაა, დ დიმერი უარყოფითია და აქვს დადებითი ტესტი კორონაზე. ამოყორეს პაციენტი სტეროიდებით. აყვანილია უკვე ინტუბაციაზე და ამ სტეროიდების გარდა რას აძლევენ, არავინ იცის. არცერთხელ გაკეთებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა. დაადგინეს ერთხელ კორონა და მორჩა…
კორონა ისე ასუსტებს იმუნურ სისტემას, რომ სხვა მიკროორგანიზმი არც თუ იშვიათად გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის.
რამდენი იყო უბრალოდ ფილტვის შეგუბებით, გულის უკმარისობის გამო და რახან კორონა ტესტი დადებითი იყო, გაჭყიპეს სტეროიდებით, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მაღალდოზირებული შარდმდენი მიეცათ.
რამდენი იყო დ დიმერი უარყოფითი და ,,ფილტვია დაზიანებულიო” და ნახავ სურათს, და ეგრევე ხედავ, ჰემორაგიაა, სისხლჩაქცევაა, რადგან მაღალდოზირებული შედედების საწინააღმდეგო საშუალებით გააჯერეს ორგანიზმი. მერე გააკეთებენ დ დიმერს და ავარდნილია ათასებში, ეუბნება ექიმი, ხომ ხედავ, იმან არაფერი იცის, დ დიმერი რამხელააო,
დიახ, სისხლჩაქცევის შემდეგ გაასმაგდება დ დიმერი, მაგრამ, ეს ხომ შენ გამოიწვიე, ექიმმა?! დაიწყე აგრესიული ანტიკოაგულაცია, მოხდა სისხლდენა და გაქვს დ დიმერი. ლოგიკა მარტივია.
არა დაბალი პერიფერიული სატურაციის გამო მართვითი სუნთქვა, არამედ უნდა ნახო ადამიანის ცნობიერება. 80%-იანი სატურაციით ვერავინ დარჩება გონებაზე 2 საათის მერე, არტერიიდან უნდა გაკეთდეს კვლევა…
ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოდიან, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა.
ნუთუ 18 თვის მერე ასე ძნელია იმის შეგნება, რომ კორონავირუსი, მძიმედ მიმდინარე, დაახლოებით 20%-ში აზიანებს ფილტვს თავად და დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც გამშვები მექანიზმი სხვა ინფექციისთვის, სხვა გამომწვევისთვის, სხვა დაავადებისთვის.
აი, ის სხვა პრობლემა უნდა აღმოაჩინო და უმკურნალო. არც თუ იშვიათად ექიმი და არასწორი მართვა ქმნის იმ სხვა პრობლემას. გაუცვალეთ ექიმებმა ერთმანეთს ინფორმაცია, ნუ იქნებით ასე მომართულები, რომ კორონაა დ მსოფლიო ვერაფერს ახერხებსო, ნუ იქნებით ასე მიუვალები ახალი მზერის და კითხვების დასმის მიმართ.
ბედნიერებაა, როცა აღმოაჩენ, რომ ფილტვების ანთება პნევმოკოკით ან კლებსიელათია გამოწვეული,უმკურნალებ და რამდენიმე დღეში გამოკეთდება, ეს ღირს ჩაკირკიტებად, რომ უკმაყოფილო იყო საკუთარი პირველი დიაგნოზით. ეს არაა შეცდომა, ასეა მედიცინა.
დიაგნოზი ყალიბდება დაკვირვებით, დამატებითი კვლევით. ასე რომ არ იყოს, ექიმი საჭიროც არ იქნება,შეაგდებდი აპარატში მონაცემებს და მოგცემდა დიაგნოზსაც,მკურნალობასაც”.
წყარო:sarke