თეგებით ძიება

"გამარჯობა დედაჩემო.. გიკრძალავენ ჩემთან შეხვედრას? საერთოდ ჩემი თუ გესმის ან მხედავ?..." -თათია ზუხბაია

ჟურნალისტი, თათია ზიხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომლშიც გარდაცვლილ დედაზე წერს:

"გამარჯობა დედაჩემო..
ვერ დავიჯერებ რომ არ გენატრები, ვერც იმას რომ დაგავიწყდი, ჩვენ ხომ, ორ ათეულ წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად..
გიკრძალავენ ჩემთან შეხვედრას? საერთოდ ჩემი თუ გესმის ან მხედავ?...
ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიმე მათგანზე გაქვს ინფორმაცია? რაში მეთანხმები? რა არ მოგწონს? რაზე მსაყვედურობ?
იმდენი ხანი არ დაგირეკია..არ გამოჩენილხარ...
როგორ შეძელი?!
იქ სხვა შვილები გყავს?...
მაგრამ მე ხომ თათია ვარ...
შენი თათია ...
ახლა როცა ამ წერილს ადამიანები წაიკითხავენ, აუცილებლად დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ შენ ჩემს გვერდით ხარ და მე ამას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ არ ხარ! და მეც ვერაფერს ვგრძნობ..და აღარ დავიწყებ გამოგონილ ისტორიებს ჩვენს მისტიურ ურთიერთობებზე..
ადამიანები იმასაც მეტყვიან, რომ ძალიან წუხან, მაგრამ მათ უმრავლესობას დედა ყავს, ამიტომ და საბედნიეროდ წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ..
გსაყვედურობ! თუმცა შენზე გაბრაზებული აღარ ვარ! შენი გარდაცვალებაც ვაღიარე, ვინმე აუცილებლად გეტყოდა, შენი საფლავისთვის ყვავილების ყიდვა დავიწყე, იქნებ ერთ დღეს მეც მოვიდე და თვითონ დაგირგო..
გავიგე და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ აღარ ბრუნდები... დამიტოვე იმედი რომ მჯეროდეს ეს შენი შეგნებული არჩევანი არ იყო, ისევე როგორც შენი გულის გაჩერება ჩემს ხელებში...
ჩვენ ყველანი ჯანმრთელად ვართ..
აფხაზეთში, შენი დარგული პალმის ნერგები,ახლა დიდი ხეები არიან, საკუთარი თვალებით ვნახე, ყველა მათგანმა გაიხარა!
შენს მერე სახლში ვაშლის ღვეზელები არავის დაუცხვია, მხოლოდ მე მქონდა ერთი წარუმატებელი მცდელობა.
შენმა მრავალწლიანმა მცდელობამაც გაამართლა, ახლა ყოველ დილით ვსაუზმობ.
შენს საფულეს ისევ არ ვეკარებით, ყველაფერი ისევ ისე აწყვია..
თუმცა შენი სამკაულების ტარება დავიწყე, შენი არც ერთი კაბა არ გავაჩუქე!
უბრალოდ ცოტა დრო მინდა..
რატომღაც ადამიანებს ვუყვარვარ, რამდენიმემ ისიც მითხრა, ჩემი შვილივით ხარო, ალბათ მართლა არ ვარ ცუდი ადამიანი, სხვანაირად როგორ შეიძლება სხვისი შვილის დედობა ან მამობა გინდოდეს?..
შენ ვერავინ ვერ შეგცვლის, მაგრამ მიხარია ამის შეგრძნება.
რატომღაც ვიფიქრე, შენც გაგიხარდება ამიტომ გიყვები..
ძალიან მენატრები.
.
თუ ამ ყველაფერს კითხულობ მაგრამ კონტაქტზე გამოსვლა არ შეგიძლია, არაუშავს..
არ იტირო!
არც მე ვიტირებ, როცა შევხვდებით ალბათ ყველაფერს ამიხსნი და გავიგებ.
იმედი მაქვს კარგად ხარ!
ბევრს გკოცნი!!
და მთავარი!!
- ხომ გახსოვს?! სადაც არ უნდა იყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, იმ შენს სამყაროში კარები ისევ შენ გამიღე ისევ დედაჩემი იყავი!!", - წერს ზუხბაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა