"ათასწლეულებშიც რომ არ იბადებიან, ისეთი შვილი მოუკვდა დღეს საქართველოს..." - ლელა თოლორდავა
სოციალური ქსელის მომხმარებელის, ლელა თოლორდავას ინფორმაციით, კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი, ლუხუმი ლელაძე გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტს, ლელე თოლორდავა ემოციურ პოსტს უძღვნის:
"საუკუნეში ერთხელ რომ იბადებიან კი არა, ათასწლეულებშიც რომ არ იბადებიან, ისეთი შვილი მოუკვდა დღეს საქართველოს????
არ იბადებიან, არა!!!
ლუხუმი ლელაძის მსგავსი ღირსეული პიროვნებები იშვიათად იბადებიან!!!
და რამხელა დანაკლისია, ასეთი დიდი ადამიანი რომ მიდის...
მიდის და რჩება სიცარიელე, რომელსაც ვერავინ ავსებს...
სიცარიელე ოჯახში, სამეზობლოში, სამეგობროში, კოლეგებში , ნამოწაფრებში...
მაგრამ ყველაზე დიდი სიცარიელე დარჩება კ. ფოცხვერაშვილის სკოლა წითელხევი -ში , სიცარიელე, რომელსაც ვერავინ, ვერასდროს შეავსებს...
და ეს სულაც არ არის ხმამაღალი ნათქვამი.
ვინც მას იცნობდა, ვისაც ლუხუმი ლელაძის დირექტორობის ჟამს სკოლაში უსწავლია , ან უმოღვაწია, უკლებლივ ყველა დამეთანხმება...
ხო, იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანად მკაცრი...
ვის უნახავს, უსამართლოდ დაესაჯოს ვინმე?!
ვის უნახავს, დაეკლოს მოსწავლისთვის ნიშანი, ან მოემატებინოს?!
ვის უნახავს, რომელიმე მასწავლებელს უპატივცემულოდ მოქცეოდა?!
ეტალონი იყო- წესიერების, პრინციპულობის, სამართლიანობის, ღირსეულობის, პროფესიონალიზმის...
35 წელზე მეტი სკოლის უცვლელი დირექტორი, კომუნისტური ყოფიდან ვიდრე დღემდე...
რამდენი რამ შეიცვალა, რამდენი რამ გადაფასდა, მარტო ის დარჩა უცვლელი, შეუცვლელი...
ცრემლები მახრჩობს ახლა, რამდენი მოგონება მახსენებს თავს, რამდენი რამის დაწერა მინდა...
კიდევ კარგი, მოვასწარი წერილის მიწერა, უფრო სწორად დაბადების დღის მისალოცი ბარათი დავუწერე...https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1736289586533275&id=100004567513308
სწორედ იმ წერილმა გამაგებინა მისი გარდაცვალება, სოფელი წითელხევი/Tsitelkhevi - ის გვერდზე გააზიარეს და ერთმა მეგობარმა დააკომენტარა...
კიდევ კარგი, მოვასწარი ჩემი წიგნის ,,ჩუქება" , თორემ მთელი ცხოვრება სანანებლად დამრჩებოდა... ვინანებდი, რომ უკეთესად არ გავაცანი თავი... ,,ბადანტე" ხომ ჩემი თავგადასავალია...
წავიკითხავ და აუცილებლად გაგიზიარებ შთაბეჭდილებებსო...
აღარაფერი მოუწერია...
მეც აღარ შემიხსენებია, ვიცოდი, როგორი თავმდაბალიც იყო და მორჩილად ველოდებოდი...
ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლე ხარო, ყოველი შეხვედრისას მეუბმებიდა , განსაკუთრებულ პატივს გცემ , ხომ იცი რატომაცო...
ვიცოდი, რა დამავიწყებდა, ჩვენს საიდუმლოს, რომელიც მან საფლავში ჩაიტანა, მე კი უნდა გავთქვა...
ისეთ რამეს დავწერ, წარმოუდგენელი რომ იქნება ყველასთვის, მაგრამ ჩემი ლუხუმი მასწავლებელი უკეთესად უნდა გაგაცნოთ...
მეთერთმეტე კლასის გამოსაშვები გამოცდებია, ალგებრაში( მათემატიკა) გვაქვს გამოცდა. მე წარჩინებული მოსწავლე გახლდით, მაგრამ ტექნიკურ საგნებში ცოტა მოვიკოჭლებდი, განსაკუთრებით მათემატიკაში. ჩემს კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ფრინავდნდნ ალგებრა- გეომეტრიაში... როგორც მე ქართულ ენასა და ლიტერატურაში...
ახლა 1990 წლის ივნისის დასაწყისში დამაბრუნა დროის მანქანამ... წითელხევის მე- 2 საშუალო სკოლის( მაშინ ასე ერქვა) მეორე სართულზე მათემატიკის კაბინეტში ერთმანეთის მოშორებით მდგარ მერხებზე, ცალ- ცალკე ვზივართ გამოსაცდელი მეთერთმეტე კლასელები... დაფასთან ორ შეტყუპებულ მერხთან ხუთი გამომცდელი ზის, ჩვენი ალგებრა- გეომეტრიის მასწავლებელი-ფუჩქი ფაიქიძე; სასწავლო ნაწილის გამგე- ცარო ჭელიძე; სკოლის დირექტორი ლუხუმი ლელაძე და ორი დამსწრე , ბაღდათის რაიონის განათლების განყოფილებიდან მოვლენილი...
დაფაზე ის განტოლებები წერია, რომლის ამოხსნაც გვევალება...
მე თავდახრილი ვზივარ და ვფიქრობ, ვფიქრობ იმ ორ განტოლებაზე, რომლის ამოხსნის შესაძლებლობას ჩემი ალგებრის ცოდნა არ მაძლევს...
ვფიქრობ შერცხვენაზე...
ალმური ამდის სახეზე ...
ჩემი თანაკლასელებისკენ არ ვიხედები, უფრო სწორად ვერ ვიხედები, რადგან თვალები აჭრელებული მაქვს...
გამოცდა ორი- სამი საათი გრძელდება, გამომცდელები რიგრიგობით გადიან დერეფანში...
მხოლოდ ლუხუმი მასწავლებელი არ ტოვებს საგამოცდო სივრცეს... დადის მერხებს შორის და თვალს ავლებს მოსწავლეების ნაშრომებს... ჩემს მერხთან გაჩერდა კარგა ხანს... ვგრძნობ, როგორ კითხულობს ჩემს ნაწერს და ქვესკნელში ჩავარდნას ვნატრობ... მხარზე ხელი დამადო... თოლორდავა ,გააგრძელე წერა...
რა გავაგრძელო, რომ არ ვიცი?!
არ ვიცი რამდენი წუთის შემდეგ დაბრუნდა, არც ის ვიცი როდის მოასწრო დაწერა, მაგრამ ჩემს ადგილს რომ გაუსწორდა, ხელით მერხს დაეყრდნო და რაღაც ფურცელი მალულად შეაცურა საგამოცდო ფურცლის ქვეშ...
მოვკვდი და აღარ დავრჩი , გავქრი, წერტილადაც აღარ ვჩანდი ალბათ...
რა უნდოდა იმის მიხვედრას, რომ თავისი ხელით დაწერილი ,,შპაგალკა" გადმომცა... ის ხომ მარტო დირექტორი კი არა, ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელიც იყო...
სულ დავიბენი, თვით ლუხუმი ლელაძემ გამომიწოდა დახმარების ხელი... ეს იცით ,რამხელა სენსაცია იყო ჩემთვის?! სენსაცია და დაუჯერებელი ამბავი...
ერთი წუთით არ მიფიქრია, გადაწერა.. მივიხედ- მოვიხედე , ჩუმად გამოვაძვრე ქაღალდის ნაგლეჯი და ფეხსაცმელში ჩავმალე...
ფეხის ტერფს მიწვავდა დირექტორის ხელით დაწერილი ,,შპაგალკა"... გამოცდის დასრულების შემდეგ, თოლორდავა, ჩემს კაბინეტთან დამელოდეო...
დიდხანს მომიწია ლოდინი... ცოცხალ- მკვდარი ვიყავი, მეშინოდა, რომ გამკიცხავდა ...
დერეფანში რომ მოვატანე თვალი, შიშისგან ფეხები ამიკანკალდა...
კარები რომ გააღო და ხელით კაბინეტში შესვლა მანიშნა, ძლივს გადავადგი ნაბიჯი...
თავის ადგილზე რომ დაჯდა, მე დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული ვიდექი ლამის შუა ოთახში...
-თოლორდავა, ფეხზე რატომ დგახარ, დაბრძანდი!!!
- ვიდგები, მას!!
- არა , შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, მაგიდასთან დაჯექი!!!
სხვა რა გზა მქონდა გამოვწიე სკამი და დავჯექი...
- თოლორდავა, რატომ არ გადაწერე ჩემი გამოყვანილი მაგალითები?!
- არ ვიცი ,,შპაგალკის\'" გამოყენება, მას!!!
- მარტო ესაა მიზეზი?!
- არა, მას!!
- აბა?!
- მას, ჩვენს კლასში ალგებრაში უმაღლესი შეფასება ეკუთვნის: ნიქაბაძეს, ფაიქიძე და კიკნაძეს.
- ისინი მიიღებენ ხუთიანს, შენი ხუთიანი მათ კი არ შეუშლიდა ხელ?!
- არა, მას, ეს უსამართლობა იქნებოდა...
- თოლორდავა, გავა დრო და მიხვდები , თუ რატომ წავედი ჩემი პრინციპის წინააღმდეგ, ახლა, ერთს გეტყვი, შენ იმაზე ღირსეული მოსწავლე ყოფილხარ, ვიდრე მე ვფიქრობდი... ჩემს თვალში დღეს შენ ძალიან ამაღლდი!!!
ტირილს ცოტა მიკლდა...
- თოლორდავა, თავისუფალი ხარ!!! ჩემი დაწერილი ,,შპაგალკა" დახიე და გადააგდე...
წამოვედი, სახლში მოსვლამდე ვერ გავბედე ფეხსაცმლიდან ლუხუმი მასწავლებლის დაწერილი ,,შპაგალკის" ამოღება...
სახლში რომ მოვედი, ნაკუწებად ვაქციე და ბუხარში დავწვი...
ამ ამბიდან 31 წელი გავიდა, მაგრამ ვერაფერმა წაშალა ეს დაუჯერებელი ამბავი ...
და რა მტკივნეულია ჩემთვის , იმის გააზრება,რომ დღევანდელმა დღემ ამ ამბის გმირი შეიწირა...
ჩემს ლუხუმი მასწავლებელს დედამიწაზე ყოფნის დრო ამოეწურა...
ზეცაში დაიმკვიდრებს საკადრის ადგილს...
მასზე ვერავინ იტყვის რომ მოკვდა, ის გარდაიცვალა...
ვიცი ბევრი ცრემლი გაჰყვება, გულწრფელი ცრემლი
მე კი ვიტოვებ უფლებას , ცოცხლად დავტოვო ჩემს მოგონებებში ...
- თოლორდავა !!!
- დიახ, მას!!!
P.S. და ბოლოს, შვილებს მინდა მივმართო, მარტო თქვენ არ მოგიკვდათ მამა, მეც მომიკვდა ლუხუმი მასწავლებელი, რომელიც მამით ობოლ მოსწავლეს ( 10 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა) უჩუმრად მზრუნველობდა", - წერს თოლორდავა ფეისბუქზე.