თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ - წილოსანი პრეზიდენტს
„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
წილოსანი განმარტავს, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება არის დაანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით.
„ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ, ხოლო მათ, ვინც ხვალ საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით. მუხლი 222.“, – წერს ნინო წილოსანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებენ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა“.