თეგებით ძიება
08. 08. 2021 COVID - 19

ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე - რა აკრძალვებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხვალ იმსჯელებენ გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე.

ამასთან, პრემიერმა, რომელიც "ფაიზერით" ცოტა ხნის წინ აიცრა, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

"ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი - ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, ეკონომიკას მიადგა დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და დაინგრა ეკონომიკები.

ბოლო პერიოდში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ჩამოვიტანეთ სამ მილიონზე მეტი ვაქცინა - ყველანაირი ვაქცინა გვაქვს - ჩინური, ტრადიციული, გვაქვს Pfizer. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, შეიძლება გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინით და აცრებით.

ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უმეტეს, შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები. გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკოს შევთავაზეთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, ვაქცინაცია ჩავუტაროთ კომისიის ყველა წევრს, ასევე კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ვინც არის ჩართული არჩევნებში, იმისათვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული უსაფრთხო არჩევნები,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა