თეგებით ძიება

დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა - ზალკალიანი სააკაშვილზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. გასაგებია მათი პოზიცია, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად.

ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია სააკაშილმა თავად გაავრცელა. თავდაპირველად ქართული მხარე მის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა