თეგებით ძიება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.

„2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა.

ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული - თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროაბ უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად.

ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად.

მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიასსასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.

ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა