თეგებით ძიება

“პლეხანოვზე მივდიოდი, როცა უკან ვიღაცამ დანა მომადო და ეს ტელეფონი ხელიდან გამტაცა!..” – ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში კრიმინალის შესახებ წერს:

“რატომ მიშა?

ალბათ ცოტა ვრცლად გამომივა, მაგრამ მაინც დავწერ! ვისაც არ ეზარება წაკითხვა, აუცილებლად წაიკითხავს!

მე ერთ ლამაზ რაიონში გავიზარდე, ჩხოროწუში! მთელი ბავშვობა სანთლის შუქზე მიწევდა სწავლა, დანგრეულ გზებზე სიარული და ღამე ჩუმად ოცნება იმაზე, რომ ქურდად გავზრდილიყავი! დიახ, კრიმინალი იმდენად მოდებული და რომანტიზებული იყო, რომ ყველა ბავშვი ამას ოცნებობდა გულის სიღრმეში!

ოჯახმა მაინც თავისი ქნა და სწავლისკენ წავედი! იურიდიულ ფაკულტეტზე მინდოდა სწავლა, როცა მამაჩემს თსუ-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ 25000 დოლარი თუ არ გაქვს, დაივიწყოს შენმა შვილმა აქ სწავლაზე ოცნებაო! მე მაინც ვსწავლობდი და რაღაცის იმედი მქონდა!

ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში სრული სიბნელე, კორუფცია, კრიმინალი და განუკითხაობა მძვინვარებდა! მე კი უბრალოდ მინდოდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება! ყველას შავები ეცვა, ხელში ,,ბაბოჩკა” დანა ეჭირა, კისერზე კი თავის ქალა გამოსახული სველი შავი ბენდენა ჰქონდა დახვეული!

მე-11 კლასში თბილისში წამოვედი და მამაჩემმა მობილური ტელეფონი მიყიდა! პლეხანოვზე მარტო მივდიოდი, როცა უკან ვიღაცამ დანა მომადო და ეს ტელეფონი ხელიდან გამტაცა! მერე იყო ჩარევები, შავებთან ზარები და ,,ვაზვრატი”! ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: ასეთ ქვეყანაში არ მინდოდა ცხოვრება და უბრალოდ რაღაც უნდა შეცვლილიყო!

მერე იყო რევოლუცია, სადაც ვათენებდი და ვაღამებდი რუსთაველზე! რაღაცის შეცვლის იმედით! რევოლუცია მოხდა, გამოჩნდა მიშა როგორც უცხო სხეული საბჭოთა მენტალობაში! დიახ, მენტალური იყო ეს რევოლუცია ჩემთვის პირადად და არა ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ!

ჩავაბარე იურიდიულზეც 25000 დოლარის გარეშე! მოვიდა შუქი, წყალი, გაზი! მახსოვს გაოგნება, როცა ჩხოროწყუში ჩავედი და სენაკიდან ჩხოროწყუმდე 2 საათი არ მომიწია მგზავრობა! დრო გადიოდა და ვხედავდი რაღაც იცვლებოდა ამ ქვეყანაში! იცვლებოდა და ჩემი ქვეყანა ემსგავსებოდა სახელმწიფოს! მახსოვს ჩემი ქვეყნის სტუმრები, შარდენზე აცეკვებული ბუში, ჰილარი, ბაიდენი, ტრამპი და ა.შ.

2008 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, მიშას ომში როგორ მიდიხარო! სამწუხაროდ დღესაც კი ვერ გაიზრა, რომ ომი რუსეთთან საქართველოს ჰქონდა, ვერც ის გაიზრა, რომ სწორედ მიშამ გაუბედა პირველმა პასუხი პუტინის სამხედრო აგრესიას! და ახლაც ვერ იაზრებს, როცა მიშას ტყვეობა მას და პუტინს ერთნაირად უხარიათ! სამწუხაროა, რომ ვერ ხვდები ადამიანი იმას, რომ როცა პუტინის სიხარულს იზიარებ, ესე იგი რაღაც გეშლება და უნდა დაფიქრდე!

მახსოვს ომში გახვეულ ქვეყანას ეკონომიკა არ ჩამონგრევია! ადამიანებს შიმშილი არ დაუწყიათ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან ომში იყო გახვეული!

პირველად ამ სისხლიან 9 წელში აშენდა ახალი ქალაქები, დაიწყო საუკუნის პროექტები, რომლებიც ბიძინამ მოკლა(ანაკლიის პორტი თუნდაც), დამარცხდა კრიმინალი, დამყარდა წესრიგი! გაიხსნა ბევრი უნივერსიტეტი, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდობას მიეცა სწავლის შანსი ქრთამების გარეშე! პირველად ჩამოვიდა ამ ქვეყანაში მილიონი ტურისტი და არავინ კლავდა მათ! პირველად დაიქოქა სამხედრო მრეწველობა, ჯარი დაემსგავსა ჯარს, პოლიცია-პოლიციას, სკოლა-სკოლას და ა.შ.

საერთაშორისო ასპარეზზე ჩემს ქვეყანას შეხედეს როგორც სახელმწიფოს, ღირსეულს და თანასწორს, და არა როგორც მაჩანჩალას! პირველად დავიწყეთ საერთაშორისო ასპარაზზე რაღაც როლის თამაში და ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას მსოფლიო ლიდერები ელაპარაკებოდნენ, როგორც თანასწორს და მათთვის მნიშვნელოვანს!

მიშა…

ბევრის თქმა შეიძლება მასზე! სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ მას! ალბათ არც ვახსოვარ ან შეიძლება ვახსოვარ კიდეც(მას ყველა ახსოვს, ეს კიდე ცალკე ფენომენალური ნიჭია მისი)! მიშა არაა ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი და არც მეგობარი! ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ქვეყნისგან სახელმწიფო შექმნა! ადამიანი, რომელიც ბედნიერი იყო, როცა რაღაცას აშენებდა, ფუნქციას სძენდა ამ ქვეყანას და უბრალოდ ცდილობდა აქტორად ექცია მსოფლიოში!

მახსოვს 2012 წელს სასწაული გამოსვლა სტრასბურგში, როცა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს მთელი დარბაზი და ზუსტად 6 საათში ჩამოფრინდა ანაკლიაში, ფეხით შემოიარა ყველა სამშენებლო იბიექტი, მივიდა საოკუპაციო ზოლთან, გახედა აფხაზეთს, დაბრუნდა, ჩაჯდა ვერტმფრენში და გაფრინდა მესტიაში!

რაც შემეხება მე! იმ ,,სისხლიან” 9 წელში თუკი ბოლო 8 თვეს არ ჩავთვლით არასოდეს მქონია 300 ლარზე მეტი ანაზღაურება! 4 სამსახურშიც კი მიმუშავია, რომ თქვი გაგვეტანა მე და დედაჩემს! არ მყოლია განსაკუთრებული პატრონი და ჩემით მივედი იმ ბოლო 8 თვემდეც! ამიტომაც ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რით არ ხარ კმაყოფილი? ბევრად უკეთესი შემოსავლები გაქვს ახლა, ვიდრე მაშინ! ჩემი პასუხი კი ყოველთვის იყო და არის, რომ მაშინ მქონდა სახელმწიფო, რაზეც ვოცნებობდი მავშვობაში, ახლა კი უბრალოდ არ მაქვს!

ქვეყნის განვითარების სწრაფი ტემპი უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, მოისპოს არსებული კორუფცია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვტაცოთ ეს ქვეყანა სავოკს, საბჭოთა მენტალობა საბოლოოდ უნდა დავასამაროთ და მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება, რისთვისაც ვიბრძვით უკვე აგერ 3 ათეული წელია! რისთვისაც ჩვენმა წინა თაობამ სისხლი დაღვარა! მე ნორმალურ ქვეყანაში მინდა გავზარდო შვილები, თავისუფალ და ღირსეულ სახელმწიფოში მინდა დავბერდე! დიახ, თავისუფალ სახელმწიფოში, პოსტ საბჭოთა სივრცეში კი თავისუფლების ნამდვილი სიმბოლო კი მხოლოდ მიშაა სამწუხაროდ ჯერჯერობით!

დიახ! იყო ძალიან ბევრი შეცდომა! დიახ, იყო ძალინ ბევრი არასწორი ნაბიჯი, მაგრამ მითქვამს ყოველთვის და ვიმეორებ: 60 კვადრატი ბინა გავარემონტე და დღეს რომ ვუყურებ, მილიონი შეცდომა მაქვს დაშვებული, ამ კაცმა კი ჭაობიდან ამოათრია საქართველო და სახელმწიფო ააშენა!

დიახ, მხოლოდ 300 ლარი მქონდა შემოსავალი ისიც 2008 წლიდან, მაგრამ მაინც ის დრო მერჩივნა! რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა ღირებულებების კაცი ვარ და მაშინ სახელმწიფო მქონდა და მეამაყებოდა!

დიახ, მიშამ დაწერა ისტორია. ეს თავისუფლების ისტორიაა და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! და გაგრძელდება კიდეც! ის შეიძლება გიყვარდეს ან გძულდეს, აფასებდე ან არ აფასებდე, პატივს სცემდე ან გეზიზღებოდეს, მაგრამ ოდნავ მაინც თუ გიყვარს ეს სახელმწიფო, არ უნდა დაუშვა იგივე შეცდომა და არ მოკლა მეორე პრეზიდენტი! არ მოაკვლევინო მეორე პრეზიდენტი რუსეთს! დიახ, შენს თავზე მაღლაც უნდა დადგე და არ დაუშვა შენი პრეზიდენტის დასჯა რუსეთის მიერ!

ზუსტად ამიტომ ვიბრძოლებ ბოლომდე მისი თავისუფლებისთვის! როგორც შემეძლება გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ დასაჯოს რუსეთმა, არ იყო პუტინი გახარებული და ჟირინოვსკის პოზიციას არ იზიარებდეს ჩემი ქვეყანა!

ბევრი ვწერე, მაგრამ მემგონი გავეცი ყველა კითხვას პასუხი თუ რატომ მიშა!

პ.ს. ბევრს გითქვამთ ჩემთვის, იმას ვაფასებ, რომ მიშას ერთგული დარჩიო! სინამდვილეში მიშას ერთგული კი არა, საქართველოს ერთგული დავრჩი და ვაფასებ კაცს, რომელმაც საქართველოსგან სახელმწიფო შექმნა!

პ.ს.ს. საქართველო! ნუ მოკლავ მიშას!

Mikheil Saakashvili მალე თავისუფლებაზე მთავარსარდალო!", - წერს მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა