თეგებით ძიება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.

როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადადგამენ.

„როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერ-ჯერობით არ ჩაბარებიათ.

ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.

ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა