"საღეჭი რეზინი და უცნაური გამომეტყველება არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილს რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული" - გია ვოლსკი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვისას ძალიან ცუდი და მძიმე შთაბეჭდილება დარჩა.
„ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია... მეორეს მხრივ, დავინახე შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ ვითომ ვიღაცამ გაიტაცა, წამოეწია ეს თემა, შეექმნა პანიკა და სკანდალი, თუკი გეგმა A ან B არ იმუშავებდა. ფაქტია, რომ ადამიანი რაღაც გეგმებს ალაგებდა და არც ერთი გეგმა არ უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო და ამას თავად ჩადგომოდა სათავეში. რასაკვირველია, ამოცანა დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. ამ ამოცანის გამოხატულება იყო ჩანაწერი, რაც ჩვენ ვიხილეთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.