თეგებით ძიება

რატომ აცხობენ ლობიანებს ბარბარობას

17 დეკემბერს წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

ამ დღეს ტრადიციისამბერ საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა არც თუ ისე ბევრმა იცის, თუ რა კავშირშია აღნიშნული ტრადიცია წმინდა ბარბარეს ხსენების დღესთან. ამ თემაზე დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობს:

-ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ.

საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა.

ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. გაიგივების გამო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა.

მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმინდა ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია., – აღნიშნავს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა