საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის - BBC
„ქართველებმა ყველაფერი იციან რუსეთის მიერ წარმოებული ომების შესახებ. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის არმიამ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ხუთდღიანი ომი დაიწყო. ქალაქი გორი დაიბომბა, ხოლო გორის ჩრდილოეთით, სოფელ შინდისში სასტიკი ბრძოლის შედეგად, სადგური განადგურდა და რკინიგზამ ფუნქციონირება დაკარგა.
ქვეყნის ოთხი ოპოზიციური ჯგუფი 26 ოქტომბერს მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინშია, (მათი თქმით, ქართველები გააკეთებენ არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის) მათი მიზანია დაასრულონ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა, რომელსაც ისინი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეფერხებული ინიციტიავის განხორციელება სურს,“ - წერს BBC-ი.
„ამ ქუჩებში ჩვენ რუსები გვახსოვს. მთავრობა ამას ცუდად იყენებს და ხალხის ემოციებზე თამაშობს, რადგან მას ხელისუფლებაში დარჩენა უნდა", - თქვა მინდია გოდერძიშვილმა, რომელიც გორში ოპოზიციური ჯგუფის "კოალიცია ცვლილებებისთვის" კამპანიას აწარმოებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობის პარტიაა, ხოლო ოპოზიციას, რომელსაც მხარს გაურკვეველი "გლობალური ომის პარტია" უჭერს მხარს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
„არ მგონია, რომ დღეს ვინმეს შეუძლია საქართველო უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოს. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და არ ვართ ამ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულნი. 2008 წლის ომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო“, - განუცხადა BBC-ის საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ჰპირდება მოსახლეობას, რომ 2030 წლისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, თუმცა ეს დაპირება, სულელურად ჟღერს იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა ეს პროცესი შეაჩერა “უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ მედიასა და არასამთავრობო ჯგუფს. ამას ემატება ბოლო კანონი, რომელიც ეხება საქართველოში ლგბტ პირების უფლებებს და ამომრჩეველთა დაშინებას, და გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „დაახლოების ნაცვლად, საქართველო ევროკავშირს შორდება“.
პროდასავლელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღიად მოუწოდა ქართველებს მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ემხრობიან მის გეგმას ერთწლიანი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნის შესახებ. თავის მხრივ, ივანიშვილმა წინასაარჩევნო პირობა დადო, რომ „გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ მიერ განხორციელებული მოღალატეობრივი ქმედებების გამო.
როგორც BBC-ი წერს, შინდისელი 30 წლის ამომრჩევლის ალექსანდრესთვის ის აზრი, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, "აბსურდია". მისი თქმით, „ჩემი ასაკის ადამიანების უმეტესობამ დატოვა ქალაქი, რადგან აქ განვითარების შესაძლებლობები არ არსებობს. უმჯობესია, მთავრობა სარკინიგზო ხაზის აღორძინებასა და რუსული მცოცავი ოკუპაციისგან ქართველების დაცვაზე ფოკუსირდეს“.
ოპოზიციის მომხრე გორელების განცხადებით, ზოგიერთი ამომრჩეველი საბჭოთა პერიოდის მიმართ სიყვარულს ინარჩუნებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ აზრი შეიცვალა. ფართო კონსენსუსი აქ [გორში] და, საქართველოს მასშტაბით, გულისხმობს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია და არა მის ფარგლებს გარეთ. ნაკლებად ნათელია, თუ ვინ მისცემს ამომრჩევლებს ამ შანსს.