თეგებით ძიება

ძალიან შეწუხებული ვარ და ვღელავ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან შეწუხებულია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გამო.

„ჩემი შთაბეჭდილებების შემდეგ, ვნახე სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომელსაც 100%-ით სრულად ვენდობი. ის, რომ პრეზიდენტს აქვს პოსტტრავმული სინდრომი, ამის ეჭვი და საფუძველი გვქონდა, ისედაც რომ გვევარაუდა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტტრავმული სინდრომი ნიშნავს, რომ იმ მოპყრობის გამო, შიმშილობაზე დაგვიანებული რეაგირების გამო, რომ არ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, ასევე იმის გამო, რომ მისი უფლებები გლდანში გადაყვანის პროცესში შეილახა და შემდეგ იქ ყოფნის დროს, ამან მას მძიმე დაზიანებები დაუტოვა, მათ შორის ფიზიკური, რაც აისახება ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა იქნება აქედან გამოსავალი. არ შეიძლება ვიძახდეთ, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი და შემდეგ ამას ჩვეულებრივად ვეგუებოდეთ. რაღაც მოქმედება არის აუცილებელი.

მე, მაგალითად არაერთ ჯგუფთან მქონდა და მექნება ინტენსიურად და რეგულარულად შეხვედრები. ეს არის ხალხი, ვინც არ არის სუბიექტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არიან არც მისი პარტიის წევრები, არ არიან მისი მიმდევრები, მაგრამ საზოგადოებაში საკმაოდ ფართო წრეებს ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში, მით უმეტეს ამ მდგომარეობაში, არ შეიძლება. ეს შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მკურნალობის მიღება თუ სხვა. ყოველ შემთხვევაში ეს გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს ეს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა