თეგებით ძიება

"მამაჩემი უმუშევარი დარჩა, წამოჯდა სახლში და დედაჩემი გააგდო გარეთ სავაჭროდ..."

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გილოცავთ ახალ წელს ყველას!
გისურვებთ, არავის გამოგევლოთ ის, რაც მე გამოვიარე, და ჩემს თავსაც იგივეს ვუსურვებ.

ახალ წელს მამაჩემი სუფრაზე ყოველთვის იმას აღნიშნავდა, რომ „გოგოები უნდა გავთხოვილიყავით და ბიჭს ოჯახის კერია უნდა გაეთბო“. მე და ჩემი და მთელი დღე წელში ვწყდებოდით, ათასნაირ საჭმელებს ვაკეთებდით, და მერე მამაჩემი და ჩემი ძმა მორეკავდნენ თავიანთ საძმაკაცოს და კვირობით გადაბმულად ღრეობდნენ. მახსოვს, დედას მძიმე დაავადება ჰქონდა და ხმაურზე როგორ წუხდებოდა, ან წამოწოლა უნდოდა ხოლმე ამ დროს, ან უბრალოდ თავისთვის ტელევიზორის ყურება (ჩელენტანო უყვარდა ძალიან და მხოლოდ ახალ წელს უშვებდნენ ხოლმე მის კონცერტებს), მაგრამ ვინ აღირსებდა - ჭურჭლის ალაგება, დალაგება, გაზქურასთან დგომა, მერე ტუალეტის მორეცხვა, რადგან მთვრალები საშინელ მდგომარეობაში აგდებდნენ სახლს, მერე ისევ გაზქურა, მერე ისევ მაცივარი, მერე ისევ რეცხვა და ხეხვა.

მერე გაჭირვების წლები დაიწყო, მამაჩემი უმუშევარი დარჩა. მშვენივრად წამოჯდა სახლში და დედაჩემი გააგდო გარეთ სავაჭროდ. კოკა-კოლას ყიდდა დედა, წელი სწყდებოდა ქარხნიდან ამხელა სიმძიმის შეკვრების თრევით (სადღაც 2 კმ-ს ფეხით გადიოდა ასე). მე და ჩემი და ვეხმარებოდით ზიდვაში, მამაჩემი და ჩემი ძმა - არასოდეს. რამდენი ტკივილი გამოვიარეთ იმ საშინელ 90-იანებში და ყველაფერმა დედაჩემის ზურგზე გაიარა... მოვიდოდა ხოლმე შინ ისეთი დაღლილი, რომ ენას ვერ აბრუნებდა პირში, და მამაჩემი თავის ძმაკაცებს ახვედრებდა და ახლა მათთვის უნდა მიეხედა და მომსახურებოდა... ისეთი უენო იყო დედა, მისგან ცუდს ვერასოდეს ვერაფერს გაიგებდით, მაგრამ ერთხელ, როცა მსგავსი სიტუაცია დახვდა შინ სიცივით და ტკივილებით გაწამებულს, სუფრასთან წამომსხდარ მამაჩემის ძმაკაცებს უთხრა, საათს შეხედეთ, როგორ არ გრცხვენიათ, დასვენება მინდა სახლში, მარტო ყოფნა და თქვენ კიდევ ქეიფი გაგიჩაღებიათო. მამაჩემი ამ დროს ტუალეტში იყო შესული და არ გაუგია, როგორ აიძურწნენ მისი ძმაკაცები და გავიდნენ გარეთ.
მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა, ისევ იგივე ძმაკაცები მეორე დღეს დილიდან მოგვადგნენ და სმა გააჩაღეს, უბრალოდ დედამ თვითონ ინერვიულა ამ ყველაფერზე, ინსულტი დაემართა და ვეღარ ვუშველეთ...

მას შემდეგ, როგორც მიხვდით, ბევრი დრო გავიდა, მაგრამ დედას გატანჯული სახე მისი სიკვდილის წინ არასოდეს დამავიწყდება...
მამაჩემმა და ჩემმა ძმამ იგივე გააგრძელეს, ქეიფ-ქეიფში ბინა გაყიდეს და ხან ჩემ დასთან ცხოვრობენ, ხან - ჩემთან. ჯანდაბას იცხოვრონ, როგორ დამენანება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავიანთი ცხოვრების წესს კვლავინდებურად აგრძელებენ - სვამენ, ღრეობენ გაუთავებლად.
მე დედა მენატრება, მისი გაუხარელი ცხოვრება მენანება და ძალიან მიმძიმს, როცა ვიაზრებ, რომ დღემდე რომ ცოცხალი ყოფილიყო, იგივე ცხოვრება ექნებოდა, როგორიც 25 წლის წინ ჰქონდა...

მაპატიეთ, ამ ახალ წელს ცუდ ხასიათზე თუ დაგაყენეთ, მაგრამ ძალიან მომინდა, ჩემი სევდა ვინმესთვის გამეზიარებინა, ვინც ამას ადეკვატურად აღიქვამდა...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა