თეგებით ძიება

"რამხელა ცინიზმია... პოლიციელებს გონიათ, რომ საკუთარი მუჭითა და ძალაუფლებით მუნჯს აალაპარაკებენ" -გიორგი მშვენიერაძე

იურისტი, გიორგი მშვენიერაძე პოლიციელის მიერ შშმ პირზე ძალადობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ამას რიგითი პოლიციელების დასჯით არ ეშველება".

"პოლიციელის მიერ დაკავებულის "წამორტყმა" ჩვეულებრივი ამბავია. დიახ, მათ გონიათ, რომ საკუთარი მუჭითა და ძალაუფლებით მუნჯს აალაპარაკებენ. ადამიანის აბუჩად აგდება, უყურადღებობა, პასუხის ღირსად არ ცნობა ხომ ყოველდღიურობაა. ყოველდღიურობაა ცრუ ჩვენებები სასამართლოში, გამოგონილი ბრალდებებით ადამიანების დაკავება ან დაჯარიმება.

"პოლიციის შესახებ" კანონით პოლიციის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები იცით როგორ იწყება? "პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს."
რამხელა ცინიზმია... ჩვენნაირ ქვეყნებში პოლიციელები იცავენ ბრძანებებს, თუნდაც ეს ბრძანებები ცალსახად უკანონო იყოს, ხოლო კანონი და ადამიანის უფლებები მათთვის მეათეხარისხოვანია. იმიტომ, რომ კანონის ან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიცილები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრი.
ამას რიგითი პოლიციელების დასჯით არ ეშველება", - გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა.

შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა