„ბექა ჯაიანი არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას“ - კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი
„კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.
ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.
„გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებული ვართ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობას და უვადო თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.
მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ეს ნიშნავს იმას, რაც დადასტურებულია, მოწმეები განმარტავდნენ, რომ ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო ტრანსგენდერი ქალი და ამავდროულად მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
პროკურორის თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.
"თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - აღნიშნა პროკურორმა.
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.
მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე, საკუთარ სახლში, მოკლული 2 დღის წინ მეზობლებმა ნახეს. მას, ცივი იარაღით, 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ბექა ჯაიანის წინააღმდეგ საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.