თეგებით ძიება

"ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი, მაგრამ ერთს გეტყვით..." - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ქართველ პოლიტიკოსებზე

სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ინტერვიუ არქივიდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №7, 2006 წელი, დეკემბერი

— ქალბატონო ლელა, მიმდინარე ნომერში მკითხველი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს გაეცნობა. თქვენი ყველა ჩანაწერი ამ თემასთან დაკავშირებით ფრიად საიმედო და სასიხარულოა ნებისმიერი ქართველისთვის, ვინაიდან მოსალოდნელი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას მოასწავებს. საინტერესოა, როგორ შეხვდებიან ამ ცვლილებებს კოკოითი და ბაღაფში?
(‼რედაქციის შენიშვნა: იმ პერიოდში სწორედ ისინი იყვნენ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ვითომ პრეზიდენტები)

— 2004 წლის 26 ოქტომბერს ასეთი ჩანაწერი გავაკეთე ჩემს რვეულში: „რუსეთს ბაღაფშის თავიდან მოცილება, მისი ლიკვიდაცია სურს. ვხედავ ტერორს, ფრთხილად!..“

მოკლედ, რამდენიც უნდა ეცადნენ, ბაღაფში იქნება ეს, კოკოითი თუ სხვა, რაც აწერიათ, ვერ აიცდენენ. არაფერი გამოუვათ.

— თქვენ დიდი ხანია წინასწარმეტყველებთ, რომ საქართველო ნატოში შევა. ეს პირველად როცა თქვით, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი და ბევრს ზღაპრადაც მოეჩვენა. მიმდინარე წლის ნოემბერში ლატვიაში გამართულ ნატოს ორდღიან სამიტზე ამერიკის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ასე რომ, „ზღაპრის“ რეალობად ქცევას თითქოს ბევრი არ უკლია?

— ნამდვილად ასეა. ჩვენ შევალთ ნატოში და როგორც 1997 წლის 23 ივლისს ვწერდი, საქართველოში, თბილისში გაიხსნება, ასე ვთქვათ, „ესენგეს“ იმ ყოფილი წევრი ქვეყნების შტაბ-ბინა, რომლებიც ამ ბლოკში გაწევრიანდებიან. თბილისს თავად ამერიკა აირჩევს. ამ ცენტრში დაიგეგმება დასავლეთ აზიის ქვეყანათა სამხედრო მომავალი... და დაიწყება ახალი ეპოქა. ახალი ქართული ჯარი — აი, რას ვქმნით!

სხვათა შორის, რუსეთის მთავრობა უკვე მიხვდა, რომ საქართველოდან ნატომდე გადაულახავი მანძილი სულაც არ ყოფილა და ესეც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ კრემლის განსაკუთრებული აგრესიის მიზეზი.
მოკლედ, შემოდგომის ბუზის დღეში არიან — მწარედ იკბინებიან აღსასრულის წინ.

— დიახ, რუსულმა მარწუხებმა კიდევ ერთხელ მოგვიჭირა: მეზობელი გაზს გვიძვირებს და იძულებულები ვართ, სხვა გზები ვეძიოთ პრობლემის გადასაჭრელად. რით დამთავრდება საქართველოს მთავრობის მცდელობა, გვექნება ამ ზამთარს გაზი?

— რუსეთი კლანჭებს, კაცმა არ იცის, უკვე მერამდენედ აჩენს. დიახ, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გადაგვიკეტავს ბუნებრივ აირს, მაგრამ ნუ შეშფოთდებით. საქმეში მაინც ჩაერევა ამერიკა და რუსები იძულებული გახდებიან, უკან დაიხიონ — გაზი გამოუშვან საქართველოსკენ.

— ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარმა საკადრო ცვლილებებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განსაკუთრებით ეს ირაკლი ოქრუაშვილის წასვლას ეხება. მან თქვა, რომ სასწავლებლად მიემგზავრება ამერიკაში და მალე ისევ დაბრუნდება იქ, სადაც „სული და გული დარჩა“ — ქართულ არმიაში. რას იტყვით, დაბრუნდება ექს-მინისტრი მთავრობაში სამუშაოდ თუ სხვა ბედი ელის?

— თუ გახსოვს, 2005 წლის 27 მაისს ასეთი ჩანაწერი გავაკეთე: მომავალში გარკვეულ წრეებში მიიჩნევენ, რომ თავდაცვის მინისტრი ბევრს იღებს საკუთარ თავზე, არაფერს ერიდება და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. ამას დაპირისპირება მოჰყვება-მეთქი.
ახლა, რა თქმა უნდა, ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი, მაგრამ ერთს გეტყვით: ვხედავ, ოქრუაშვილს დასახული გეგმები ჩაეშალა; სულ სხვას ფიქრობდა, სხვა მიზნები ჰქონდა, მაგრამ...

— ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები კიდევ იქნება?

— კი, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. პოლიტიკურ თამაშებს კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი შეეწირება — პრეზიდენტი მასაც გადააყენებს.
ამას გარდა, ერთ-ერთი ბანკი, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, დაიხურება. საქმე ისაა, რომ ეს ბანკი კორუფციის ბუდეა და თანაც, პრეზიდენტის მიმართ უარყოფიდად განწყობილი. მთავრობაში მიხვდებიან, რომ ეს ორგანიზაცია საშიშია მათთვის და იზრუნებენ მის დაშლაზე.

— საერთაშორისო პოლიტიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: თქვენს 1998 წლის 14 იანვრის ჩანაწერში ასეთ რამეს ვკითხულობთ: „საფრანგეთში დიდი ცვლილებები მოხდება; ახალი პრეზიდენტი გააოცებს ევროპას. ჟორჟ ბენუა? ეს გვარი გარკვევით დამეწერა ხედვაში“. დავინტერესდი და ამ გვარ-სახელის კაცის ძებნას შევუდექი ინტერნეტის მეშვეობით. დიდი მცდელობის მიუხედავად, ასეთი ვინმე ვერ აღმოვაჩინე; ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო საინფორმაციო ქსელი მასზე არავითარ მონაცემს არ იძლევა.

— დაიცადეთ, დრო მოვა და გამოჩნდება. ბენიამინ ნათანიაჰუც არ ჩანდა, სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არ გახდა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, სახელმწიფოს სათავეში მისი მოსვლა მეწინასწარმეტყველებინა კარგა ხნით ადრე".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა