თეგებით ძიება

"მინდა, კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს..." - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების გაზრდის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხვალ ჩემს დას, რომელიც კერძო სკოლის მასწავლებელია და როგორც მე ვიცი, მოკრძალებული ხელფასი აქვს, ტრანსპორტში 100%-ით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს.

ჩემი მეორე დაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა აკადემია და ჯერჯერობით უმუშევარია, 100%-ით გაძვირებულ ტარიფს გადაიხდის.

მამაჩემსაც იგივე მოუწევს, ჯერ პენსიონერი არ არის, არც მშიერია, არც სოციალურად დაუცველი, არც მანქანა ჰყავს ...
ექთნები და სანიტრები, რომლებიც მიზერული ანაზღაურების ფასად მუშაობენ და რომელთაც 250 ლარის აბონემენტში გადახდის თავი არ აქვთ, ხვალიდან 50 თეთრის ნაცვლად მეტროში ლარს გადაიხდიან.

ძიძაც, რომელიც არც დევნილია, არც შიმშილით კვდება, არც აფხაზეთის ომის ვეტერანია და რამდენიმე ასეულ ლარად არჩენს პენსიონერ დედას, სტუდენტ შვილს, ისიც გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდის.

და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ადამიანს, ჯგუფს გაურთულებს სიცოცხლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება! "ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები".

ვინ თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მგზავრობენ? რომელი კვლევით დასტურდება, რომ სოციალური სტატუსის არმქონე პირთათვის სააბონემენტე სისტემა უმძიმეს ტვირთს არ წარმოადგენს? რომელი კვლევით გაწერეს აბონემენტთა ფასები, ახალი სატარიფო გეგმა! მგონი, ვიღაცამ კალკულატორი აიღო და ბიუჯეტის პარამეტრებისთვის რა ტიპის გაძვირებაც სჭირდებოდათ, ის გამოიანგარიშა! სხვა არაფერი გაუკეთებიათ! თან ეს გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღეს, მანამდე მეორე ტურზე არბენინეს ხალხი სიყვარულითა და სოლიდარობით სავსე ქალაქის დაპირებით...

მესმის, რომ ბენზინი გაძვირდა, ავტობუსები გამოიცვალა, მეტრო წაგებაზე მუშაობს, ინფრასტრუქტურის განახლებისათვის ვალები გვაქვს აღებული... მესმის, რომ გაძვირებას ობიექტური საფუძვლები აქვს, მაგრამ გაძვირებასაც ხომ გააჩნია... "მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?"

ამასთანავე, მე ისეთი ქალაქის მთავრობა მინდა, რომელიც მდიდრებს გაუზრდის ტვირთს, ვალდებულებებს და სანაცვლოდ ღარიბთა ჯიბეებიდან 250 ლარს არ ამოიღებს, ეკოლოგიური გარემოს დასაცავად უზრუნველყოფს სტაბილურად იაფ და ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხალხისთვის.

მინდა კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს...
უგულოებო! უცხოპლანეტელებო! უნიჭოებო! ", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა