თეგებით ძიება

"ქართული არმია რუსეთს ცხვირს წაამტვრევინებს... დიდ დარტყმას მიაყენებს მათ" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველებები ვრცელდება:

"უბრალოდ შესახსენებლად!!!

მცირე ამონარიდები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან

2008 წელი, 29 აგვისტო
მსოფლიოს სძულს რუსეთი. მისი დაშლა და დასუსტება რომ აუცილებელია, ამას ყველა ხვდება და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ვხედავ, რუსეთი ევროპას ისე გაამწარებს, რომ მკაცრი სანქციები არ აცდებათ. ცოტა ხანს მოითმინეთ და ყველა იხილავთ ამას.
რუსეთის პრეზიდენტების უტვინო პოლიტიკას, ძალისმიერ პოლიტიკურ თამაშს მომავალში ევროპა-ამერიკა სერიოზულად უპასუხებს. თუმცა ყველაზე დიდი მსაჯული — ეს კოსმოსია და ისე დაისჯება რუსეთი თავისი უტვინობის გამო, რომ ამის აღწერა შეუძლებელია.
რუსეთს ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატარებს უფალი და ყველა ქმედებაზე პასუხს მოთხოვს კოსმოსი. მათ დაარღვიეს ბალანსი კოსმიურ ზოლში და ყველა იხილავს ამის პასუხს.


2008 წელი, 10 სექტემბერი
რუსეთის ცინიზმი, ირონია, თავხედობა დიდხანს არ გასტანს. „როგორ ბედავს ევროპა, გვიკარნახოს და გვიბრძანოს რამე დიდ რუსეთს?!“ — კივის პრეზიდენტი. ამას ისე გარკვევით ვხედავ, რომ გავოგნდი. ასეთი ამბიციური და ჭკუადაკარგული პრეზიდენტი, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთს დაღუპავს. დიახ, მარტივ მამრავლებად დააქუცმაცებს.

„რუსეთის ქმედებები ზღვარს გადაცილდა“, — აცხადებს გამწარებული ევროპა. — „საჭიროა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რათა რუსეთს ჭკუა ვასწავლოთ“.
ვხედავ, ამას ევროპა დიდი სიამოვნებით გააკეთებს. ენერგორესურსებით ვაჭრობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სანქციები მოუტანს რუსეთს. ის მძლავრ დარტყმას მიიღებს.

ვხედავ, საქართველო ფეხზე დგება. ეს მოხდება ძალიან სწრაფად. არავითარი ეკონომიკური ჩავარდნა არ გვაწერია.

ასევე ვხედავ, ქართული არმია წინანდელზე უკეთესადაა შეიარაღებული, მწყობრში დგას. ვხედავ, მიდის გამალებული ცვლილებები და სანამ რუსეთი ავანტიურებს ხლართავს, წინ უკვე ასჯერ გაძლიერებული ქართული არმია დაუდგება; დიახ, ის არმია, რომელიც რუსეთს ცხვირს წაამტვრევინებს.

საქართველო ბოლომდე იბრძოლებს. საქართველო ზუსტად „რუსულად“ დაელაპარაკება რუსეთს. ძალიან უჭირთ რუსებს საქართველოდან წასვლა, ამიტომ ქართული არმია დიდ დარტყმას მიაყენებს მათ. განსაკუთრებით კი პარტიზანული ომი მოუტანს რუსებს ბევრ სიკვდილს. ვხედავ, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსებისა და მათი ვითომ „ბოევიკი“ ოსი და აფსუა ჯარისკაცების სასაფლაო გახდება!

ვხედავ, ჩეჩნები და ინგუშები ერთიანდებიან. ისინი ძალიან დიდ მიტინგს მოაწყობენ. მრავალი წლის, ანუ მას შემდეგ, რაც რუსებმა ამ ხალხებს ოსებთან ერთად გენოციდი მოუწყეს, ეს პირველი მიტინგია. დიდი ამბები იწყება.

ღელავს დაღესტანიც. მცირე დროის შემდეგ ისინიც შეუერთდებიან ჩეჩენ-ინგუშებს, მოკლე პერიოდში კი მთელი ჩრდილოეთ კავკასია გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რასაც ვხედავ, ძალზე სერიოზულია. თუმცა ეს რთული გზაა არა საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისთვის. სწორედ ის დროა, როცა არცერთ რესპუბლიკას არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.

იწვის, ვხედავ, ჩრდილოეთი. ამას „დიდი რუსეთი“ ვერ შეაჩერებს. ვხედავ, იგი მომავალში „ტიტანიკივით“ ჩაიძირება.
რუსეთი დასავლეთს სძულს და არც აზიას სჭირდება. ამერიკა საერთოდ არც ენდობოდა რუსეთს.

დღეს ყველაფერი ნათელია. რუსეთის იმიჯი მსოფლიოში ნულის ტოლია. მათ არავინ ენდობა, არავის სურს რუსეთთან თანამშრომლობა. მსოფლიო ზურგს შეაქცევს რუსეთს, არაფერს დაუთმობს.

2008 წელი, 22 ნოემბერი
ევროპას ომისა ეშინია რუსეთთან, ცივი ომისა. მაგრამ იმ ცვლილებებს, რომლებიც დედამიწაზე ხდება, ევროპა არ უნდა ჩამორჩეს. ისინი სუფთა ხელებით ვერ გამოძვრებიან, ვხედავ, და ევროპა სანქციებს — მკაცრ სანქციებს, რუსეთის მიმართ მაინც გაატარებს.

ევროპას რა შიშიც აქვს, კარგად იცის რუსეთმა და მათ თავხედობას საზღვარი არ ექნება. ამას დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალ-ყურს. ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ევროპის სხვა ქვეყნები კარგად იცნობენ რუსებს და ამიტომ დასავლეთს წინ აღუდგებიან რუსეთთან ვითომ დადებითი ურთიერთობების დარეგულირებაში. რატომ? რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის! ეს ასეა ასი პროცენტით.

2009 წელი, 20 მარტი, თბილისი.
ვხედავ, ამერიკისა და რუსეთის პოლიტიკას ნიღაბი ჩამოეხსნება, ანუ წავა ღია პოლიტიკური თამაში.

რუსების თავხედობებს არ ექნება საზღვარი. რუსეთი ცდილობს, მუსლიმური სამყარო აუმხედროს ამერიკას და ასევე ევროპასაც. დააკვირდით, როგორ ჰგავს რუსულ მიმართვებს მუსლიმთა მიმართვები ამერიკისადმი.

ეს არის ვითომ უშიშარი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან თავხედური განცხადებები, რომლებიც ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. ეს გამოიწვევს დიდ დებატებს ამერიკა-ევროპაში და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

რუსები აღარაფერს ერიდებიან. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ. მიუხედავად მათი განცხადებებისა, რუსეთს აღარაფერი ეშველება. მოვა დრო მომავალში, როცა ევროპა, სურს თუ არა, სანქციებს მაინც დაუწესებს რუსეთს.

რუსეთი, არც დაფიქრდება, ევროპას გაზს მაინც გაუთიშავს. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მხარდაჭერა იმ ძალას არ წარმოადგენს, რომ ანგარიში გაუწიონ. ისინი მაინც თავისას აკეთებენ, ამიტომ მომავალში კარგავს პარტნიორებს ევროპაში. ჯეროვნად ვერ აფასებენ რუსები სიტუაციას. ამერიკისთვისაც ძალიან გასაკვირი იქნება მათ მიერ ასეთი უაზრო და საშიში პოლიტიკის გატარება.

ვიმეორებ: ვხედავ, რუსეთი წააგებს – წააგებს ასევე კავკასიაშიც. რუსეთს მაინც მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დათმობა. უცებ ისე რადიკალურად შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკა, რომ რუსები თვითონაც მიხვდებიან, რომ დროა, თავხედობას წერტილი დაუსვან და წესების დარღვევის გარეშე ითამაშონ. ასეთმა პოლიტიკამ მათ ბევრი რამ დააკარგინა და ეს ყოველივე ახლო მომავალში უფრო გამოჩნდება.

ვხედავ დიდ მიტინგებს. მთელი რუსეთი გარეთ გამოდის ლოზუნგებით: „ძირს პუტინი!“ ხალხი ყვირის, რომ კრემლის პოლიტიკა ანადგურებს რუს ხალხს.
ვხედავ: რის მიღწევასაც კრემლი საქართველოში ცდილობდა, საკუთარ სახლში აუსრულებს კოსმოსი. უზარმაზარი ენერგიები მოიყრის თავს მოსკოვში. ეს ძალიან საშიშია კრემლისთვის. ასეა, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ასე რომ, ვხედავ, რუსეთის პოლიტიკას დიდი მარცხები ელის...", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა