თეგებით ძიება

"ყველა რუსი ერთია!" არის ექსტრემისტული განცხადება... რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე უარი, ქსენოფობიაა" - იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსების დიდი რაოდენობით შემოდინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოკუპანტ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესებასა და რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის სამართლიანი "ფილტრების" შემოღებაზე წერს:

"ფბ-ზე მასობრივად ვრცელდება შაბლონური ტექსტი, რომელიც ასე იწყება:
"მე, (სახელი და გვარი), საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით!!"
და ა.შ.

არ ვარგა, მეგობრებო, ასე. არ არის ეს ღირსეული განცხადება. ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენოფობიაა.
ნუ გადავეშვებით მეორე უკიდურესობაში.

ამას ჯობია, მოვითხოვოთ სავიზო რეჟიმის და სამართლიანი "ფილტრების" შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის. უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ პირობითად მიხეილ ფიშმანები და პირობითად თინა კანდელაკები.

"ყველა რუსი ერთია!" არის ექსტრემისტული განცხადება. "მეორე რუსეთი" იმ გაგებით არ არსებობს, რომ ამ "მეორეს" სუსტი გავლენა აქვს რუსეთის საზოგადოებაზე და ფონს ვერ ქმნის. თორემ კარგი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს, ყველამ ვიცით ეს", - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვისტოს ომის მერე დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა