თეგებით ძიება

"შეიძლება გვყავდეს 5% სულგაყიდული საქართველოში მაცხოვრებელი, ვისაც რუსეთის გამარჯვება უნდოდეს...უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა..." - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს უკრაინისადმი დამოკიდებულაბაზე წერს:

"მეგობრებო
არასწორი იქნება თუ ვიტყვი: "ყურადღებით ვადევნებთ თვალს.."- ალბათ ყველანი მთელი სულით და გულით ვართ ჩართული უკრაინის ამბებში! ინფორმაციის ყოველ ნაგლეჯს ათასგვარად ვატრიალებთ და ვაანალიზებთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 95% ჩემი ღრმა რწმენით, ცალსახად, უალტერნატივოდ არამხოლოდ უჭერს მხარს უკრაინას, არამედ მიიჩნევს, რომ უშუალოდ ჩვენც გვეხება ეს უბედურება! ხვალ დიდი ალბათობით ჩვენი საკითხიც შეიძლება დადგეს. ვუშვებ, რომ შეიძლება გვყავდეს 5% ტვინგაყინული, ან სულგაყიდული საქართველოში მაცხოვრებელი (მოქალაქე- ნამეტანია მათთვის!), ვინც რუსეთის გამარჯვება უნდოდეს.

აქედან გამომდინარე, ვინც გულწრფელად ობიექტურია მიმდინარე საკითხებისადმი და არა აქვს პარტიული ან სხვა ინტერესი, გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებისაა: 1.ღიად და ყველა მიმართულებით, ხალხიან- ხელისუფლებიანად გამოვხატოთ რუსეთისადმი ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. და 2. ხალხის დონეზე სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადოთ უკრაინას, მაგრამ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული სიფრთხილე: ოფიციალურ დონეზე მუდამ დაუჭიროს მხარი უკრაინას, მაგრამ ეკონომიკური სანქციების, პოზიციების გამოხატვისას არ იყოს განსაკუთრებულად აგრესიული.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნათესავებო, თანამშრომლებო, თანაქალაქელებო! თუ დავაკვირდებით, ბოროტებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში ძირითადად ერთნი ვართ (იმ 5 %-ს ნურც შევიმჩნევთ, თავისი ეყოფათ)! განსხვავება ტაქტიკაშია! ტაქტიკა კი, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების ასარჩევია და შეცდომებიც მას მოეკითხება ურმის გადაბრუნების შემდეგ! სხვათა შორის ისტორიულადაც, ყოველთვის ასე ყოფილა-ომის დროს ყველა რომ ერთ აზრზე იდგა და მხოლოდ გმირებებზე ჰყვებოდნენ, ომის შემდეგ გაჩენილა ბევრი კითხვა ხელისუფალთან...

ჰოდა, რადგანაც ბოროტების წინააღმდეგ ერთ მხარესა ვართ, ნუ დავიყოფით, ნუ დავხოცავთ ერთმანეთს ტაქტიკის გამო!
პ.ს. მნიშვნელოვანი კინაღამ გამომრჩა: ტაქტიკის ირგვლივ ჩვენი ეს დავა, უნებლიეთ თუ გამიზნულად მიდის ჩვენ უკრაინელ ძმებამდე, დამახინჯებულად. ასეთ უბედურებაში მყოფი ხალხი, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეტალებსაც. დღეს რამოდენიმე უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა, უკრაინის ამბებზე. არასწორი ინფორმაციით იყვნენ აჭრილები", - წერს გადელია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ აგრესიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა