თეგებით ძიება

"ტრაგედიაა, არადა თან გეცინება... დაიღუპა 21 და დაშავდა 25 ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ საღეჭი რეზინის გამო" - საით მიექანება რუსეთი?!

მწერალი, ზაზა კოშკაძე საღეჭ რეზინთან დაკავშირებულ ისტორიას იხსზენებს, რაც საბჭოთა პერიოდის რუსეთს უკავშირდება.

"ღმერთო, რა საოცარი ისტორიაა, ტრაგედიაა, არადა თან გეცინება ადამიანს...
თურმე, საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო საღეჭი რეზინი, ანტისაბჭოთა პროდუქტად თვლიდნენ. ნუ ხალხი მაინც შოულობდა, გადამყიდველებთან თუმცა იშვიათად, თან სახიფათო იყო.

1975 წლის 10 მარტს საბჭოთა კავშირის ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები კანადას ეთამაშებოდა, მოსკოვის სპორტის სასახლეში. კანადელთა სპონსორი ერთ-ერთი საღეჭი რეზინის მწარმოებელი კომპანია იყო, რის გამოც ჰოკეის გუნდი თამაშების შემდეგ მაყურებლებს საღეჭ რეზინს ურიგებდა ხოლმე, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.

ეს ამბავი მალე გავრცელდა რუსეთში და თამაშზე ანშლაგი იყო, ზღვა ხალხი დაესწრო ახალგაზრდული ნაკრებების თამაშს. როგორც კი თამაში დასრულდა, ხალხი ქაოსურად დაიძრა კანადელთა ავტობუსისკენ, სადაც გავრცელებული ჭორის მიხედვით რიგდებოდა საღეჭი რეზინი. ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი დაკეტილი აღმოჩნდა, რის გამოც დაიწყო ჭყლეტა.

ამას ისიც დაემატა, რომ მთვრალმა ელექტრიკმა, რომელმაც არაფერი იცოდა საღეჭი რეზინის შესახებ, შუქი გამორთო, რადგან იფიქრა, რომ სტადიონი უკვე ხალხისგან უნდა დაცლილიყო. ამან პანიკა გამოიწვია და ჭყლეტა კიდევ უფრო გაძლიერდა.

შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 25 ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ საღეჭი რეზინის გამო.
ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა თავად დაიწყო საღეჭი რეზინის წარმოება და შეცვალა მისი დემონიზების რიტორიკა.

პ.ს საღეჭ რეზინზე ბინძური პიარი კაი ხანს ჩარჩა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ურბანულ მითებში. მათ შორის ჩვენთანაც, ჭიები რო ჰყავს და კბილების ცვენას იწვევს. მთელი ბავშვობა მჯეროდა ამის.

პ.პ.ს აქ დაბრუნდა რეალურად რუსეთი, დღეს უკვე ვხედავთ სუპერმარკეტებში ჩოჩქოლს, ხვალ კიდევ უარესს ვნახავთ", - წერს კოშკაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთმა რუსეთს და პუტინთან დაახლოებილ ოლიგარქებს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა. მაღაზიებში კი უკვე შეინოიშნება გარკვეული პროდუქტის დეფიციტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა