ვხედავ აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ გადადგმულ ქრისტიანულ ნაბიჯებს, რომლებიც აღფრთოვანებას იწვევს - დომენიკ მანგო ივანიშვილის ინიციატივაზე
როდესაც ტრიბუნასთან ახსენა ბოდიში, მთელი ამ წლების მანძილზე ნასაუბრები და ნაყვირები ჩემი სიტყვები გაცოცხლა იმ წამსვე ჩემში - მაშინ რაღაა ქრისტიანობის იდეა? - ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმიანება:
ზოგჯერ მეუფლება განცდა, რომ ყველაზე მეტად ვისაც მოგვაქვს თავი ამ ხელისუფლების კრიტიკოსობაზე, სწორედ ჩვენ ვართ ის უმეცარი ხალხი, რომელიც საერთოდ ვერ ვხვდებით რა გათვლას აკეთებს ხელისუფლება. პირველ რიგში, ცხადად ვხედავ აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ გადადგმულ ქრისტიანულ ნაბიჯებს, რომლებიც აღფრთოვანებას იწვევს. ასევე აღმაფრთოვანებელია ქართული ნეიტრალური პასპორტების შეთავაზება აფხაზი ხალხისთვის. თუ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს და ამ გაუკუღმართებულ ხალხში რაღაც წაღმართსაც შეიტანს, ხალხში, რომელიც დღემდე დასცინის მეგრელებს, კახელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ისევე როგორც თავის დროზე დასცინოდა აფხაზ და ოს ხალხს და ზოგადად ერთმანეთის ჭამითაა მუდამ მაძღარი, თუ კი ეს კაცი მართლაც ამ იდეოლოგიას ატარებს და შეძლო, ამ სატყუარებით მართლაც მიაღწია შედეგს, მაშინ მე ხელები ამიწევია. იქნებ ვიწრო ჭრილში ვიყურებით? პირველად, როდესაც ტრიბუნასთან ახსენა ბოდიში, მთელი ამ წლების მანძილზე ნასაუბრები და ნაყვირები ჩემი სიტყვები გაცოცხლა იმ წამსვე ჩემში - მაშინ რაღაა ქრისტიანობის იდეა? რის გამო ვკლავდით ერთმანეთს (ხაზს ვუსვამ ამას), ერთმანეთს! თუ კი ჩვენს ერთ მიწაზე ერთმანეთისთვის ჭროლობების მოსუფთავება არ შეგვიძლია, მაშინ ჩვენ არა თუ ქრისტიანები, არამედ საერთოდ არ ვყოფილვართ ერობის ღირსი! თუ ჩვენ რქების მოტეხვა არ შეგვიძლია, მაშინ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ დაშვებაა და სადღაც მცირე კუნჭულში ელავს ეს აზრი ჩემში, სადღაც ეჭვი მაქვს და თვითკრიტიკულობა ჩემს ასეთ ხისტ დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიმართ. ღმერთმა ქნას, რომ ეს ეჭვი გამართლდეს და ჩვენ ყველა ვცდებოდეთ - თუ ვცდებით, მაშინ შედეგიც დადგება…- წერს დომენიკ მანგო.