“ვვარაუდობთ, რომ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია სრულად 2030 წლისთვის დასრულდება” - თბილისის ვიცე-მერი
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, თბილისის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტირებაზე და ფიზიკური სამუშაოებზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება 55 მილიონი ევროა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ვარაუდით, წინასწარ შერჩეული 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია სრულად 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
“ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად და მათი დაფინანსებით. ბიუჯეტი გამოყოფილია 55 მილიონი ევრო, საიდანაც 5 მილიონი არის გრანტი და 50 მილიონი - სესხი. ამ ეტაპზე 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და კომპანიასთან ერთად, რომელიც ამ სამუშაოებს ახორციელებს, ვიქნებით მზად, რომ დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2026 წლის ბოლოს გამოვაცხადოთ.
რაც შეეხება სრულად პროექტის დასრულებას, ვვარაუდობთ, რომ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია სრულად 2030 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება. ამავე პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დამატებით 10 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება, რომლის რეაბილიტაციაც უკვე შემდგომ პერიოდში განხორციელდება”, - ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.