ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში სრულდება - მერია მიმწოდებლებს ვადის გახანგრძლივებაზე არ დათანხმდა
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში, კერძოდ, 31 მარტს დასრულდება.
როგორც უკვე ცნობილია, ტენდერი გულისხმობს დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 416 592 000 ლარია, რომლის დონორიც აზიის განვითარების ბანკია.
პროექტთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ მიმწოდებლებს, რომლებიც შესაბამის კითხვებს შესყიდვების ვებგვერდზე სატენდერო კომისიასთან მიმართებით აქვეყნებენ.
მათი კითხვები ძირითადად ეხება პროექტის შესრულების ტექნიკურ ნაწილს, ტენდერში წინადადების წარდგენის ვადებს, ასევე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში აღებულ ვალდებულებებსა, თუ ანგარიშსწორებას. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიმწოდებლების თხოვნა, მაინც სატენდერო ვადების გახანგრძლივებას ეხება.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, შემსყიდველის - „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გამოქვეყნებული პასუხიდან ირკვვევა, ვადების გადახედვა არ იგეგმება და წინადადებების მიღება ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისთვის 31 მარტს, 13:00 საათზე დასრულდება.
ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3-მე-4 მიკრორაიონების შერწყმის ადგილიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
შეგახსენებთ, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე შესყიდვა მეორედ 16 თებერვალს გამოცხადდა. იქამდე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში იყო გამოცხადებული, რომელიც შეწყდა, ამის მიზეზად კი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა დასახელდა.