უცხოელებს საქართველოში საინვესტიციო ვიზის მისაღებად 150 000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენა მოუწევთ
იმისთვის, რომ უცხოელმა საქართველოში ქონების ფლობასთან დაკავშირებული (D5 კატეგორიის) ვიზა მიიღოს, მას ქვეყანაში 150 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მთავრობის 31 მარტის დადგენილებაშია საუბარი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ე.წ. საინვესტიციო ვიზის მისაღებად სხვა ქვეყნის მოქალაქეებს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ქონების შეძენის ვალდებულება ჰქონდათ, კიდევ უფრო ადრე 35 000 აშშ დოლარის.
როგორც შესაბამის, დადგენილებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან, შესაბამისად, ის მოქმედია ამავე თარიღიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ
D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე.
ამასთან, შესაბამისი (D5) კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, უცხოელს, რომლის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებისმიერ იმ მესამე ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, სადაც მას აქვს მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა, მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან დიპლომატიური აკრედიტაცია.