ვინ ააშენებს და როგორი იქნება მდინარე დიღმურას ახალი ხიდი?
თბილისში, საბურთალოს რაიონში (თეთრი დუქნის ქუჩაზე), მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.
თბილისის მერიამ მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადა, იმავე წლის ოქტომბერში კი დავების განხილვის საბჭოს მითითებით ტენდერი შეწყდა.
სატენდერო კომისიის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ კომპანიების შერჩევა-შეფასების ეტაპზე „შინაარსობრივად სადავო გახდა სატენდერო პირობებით განსაზღვრული კრიტერიუმების ცნებების განსაზღვრის საკითხი“.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიამ 2026 წლის იანვარში ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 667 329 ლარს შეადგენდა. განახლებულ ტენდერში მონაწილეობა შპს Construction Service-მა და შპს „ბესკომ“ მიიღეს.
შესყიდვაში „ბესკომ“ გაიმარჯვა. მან შესასრულებელი სამუშაო 3 733 613 ლარად შეაფასა. ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან უკვე დაიდო.
„ბესკომ“ დაგეგმილი სამუშაოების შესრულება წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც მდინარე დიღმურაზე ახალ ხიდს ააშენებს?
შპს „ბესკო“ ადგილობრივი ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წილებს სრულად ფლობს ირაკლი ბაზაძე, ისვე იკავებს „ბესკოს“ დირექტორის თანამდებობას.
შესყიდვების ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, „ბესკოს“ ჯამში მონაწილეობა მიღებული აქვს 152 სახელმწიფო შესყიდვაში, საიდანაც 39 ტენდერში გაიმარჯვა.
როგორი იქნება ახალი ხიდი მდინარე დიღმურაზე (ფოტო)
5 თვით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
25 მარტს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიღმურას ხიდის დემონტაჟისა და ახალი ხიდის მშენებლობისთვის, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით.
კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით სრულად ორმხრივი გახდება.
„რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო - bpn.ge