ციტატა, რომელსაც ბიბერს მიაწერენ, გაყალბებულია - P. Diddy-ის დაკავებას ბიბერი არ გამოხმაურებია - შესწორებულია
კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ციტატა, რომელშიც ოჯახის მიერ მის გაყიდვასა და რეპერ P. Diddy-სთან ურთიერთობაზე საუბრობს, გაყალბებულია. შესაბამისად, ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ამჟამად გასწორებულია:
აღსანიშნავია, რომ ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ კანადელმა მომღერალმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ის არც რეპერ P. Diddy-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურებია.
გავრცელებული ციტატა, რომელსაც ბიბერს მიაწერენ, გაყალბებულია. რეალურად, მისი მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება – არ გამოუქვეყნებია მედიას, რომელიც რეპერ P. Diddy-სთან დაკავშირებულ ახალ ამბებს აშუქებს. ბიბერს განცხადება არ გაუვრცელებია თავის ოფიციალურ Instagram, Facebook და X-ის ანგარიშებზე. კანადელი მომღერალი ყველაზე აქტიური Instagram-ზეა, თუმცა მისი ბოლო პოსტი 2024 წლის 3 სექტემბრით თარიღდება და მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
გაყალბებული ციტატა 28 სექტემბრიდან ვრცელდება და მას სოციალურ ქსელ X-ის მომხმარებლები წყაროს დასახელების გარეშე აქვეყნებენ.
ღია წყაროებით ასევე არ იძებნება კანადელი მომღერლის განცხადება, რომელშიც ის ოჯახს “შოუბიზნესის ინდუსტრიაში გაყიდვაში” ადანაშაულებს.
რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. სექტემბერში პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი, რომელშიც სხვადასხვა დროს წვეულებებს მართავდა. ადგილიდან ამოიღეს ნივთები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორგიების (Freak Outs) დროს გამოყენებისთვის იყო გამიზნული – მათ შორის, ნარკოტიკები და საბავშვო ზეთის 1 000-ზე მეტი ბოთლი. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს. წარსულში შონ კომბსს სექსუალურ ძალადობაში ბრალი არაერთმა ქალმა დასდო.
P. Diddy-ს დაკავების პარალელურად, სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა 2009 წელს Youtube-ზე ბიბერის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომლის სათაურშიც ვკითხულობთ: “ჯასტინ ბიბერის 48 საათი Diddy-სთან ერთად”. ვიდეოში რეპერი ამბობს, რომ 15 წლის მომღერალი მასთან ატარებს დროს და “ნამდვილად ვერ გაამხელენ”, თუ რას აკეთებენ, თუმცა ის, რასაც აკეთებენ, “ნამდვილად არის 15 წლის ბავშვის ოცნება”. აღნიშნული ვიდეოს კვლავ გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მომხმარებლები მას P. Diddy-ის სახლში გამართულ White Parties-ს უკავშირებენ. მომდევნო დღეებში ასევე გავრცელდა სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სიმღერა P. Diddy-ის წვეულებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ბიბერს ეკუთვნოდა.