თეგებით ძიება

კატეგორიულად მიუღებელია ნეიტრალიტეტი ჩემი ქვეყნისთვის - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის, რადგან ეს არის საქართველოს დესუვერენიზაციის და დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანებამდე ქვეყანას გაუჩნდეს უსაფრთხოების გარკვეულ მოდელებში მონაწილეობის შანსი, ოღონდ ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლო გზა.

„ნეიტრალიტეტი არის თემა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს არის თემა, რომელზეც გარკვეული ორკესტრირებული ჯგუფები საუბრობენ და სამწუხაროდ, ვერ იაზრებენ გეოპოლიტიკურ ვითარებას. მცდარია დამოკიდებულება, რომ უკრაინა მიდის ნეიტრალიტეტის გზით. უკრაინასთან საუბარი არის კონკრეტულ სამხედრო და უსაფრთხოების გარანტიებზე და ამასთან ერთად, ახალი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნაზე. ასეთი ტიპის ახალი უსაფრთხოების ჩარჩო ნატო- ში ინტეგრაციამდე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, ხაზს ვუსვამ, ნატო- ში ინტეგრაციამდე, მაგრამ ნუ წარმოაჩენს ნურავინ, თითქოს ახლა უკრაინა განიარაღებას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს და ამით დამთავრდება ყველაფერი. ეს არის ტყუილი და არასწორი გაგება ამ პროცესის. ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, მათი დიდი ნაწილი შეიძლება შეცდომაში შედის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად გამიზნულად ახდენს ამ თემის პედალირებას, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გადაარჩენს, დაკავშირებულია რუსულ სცენართან. კატეგორიულად მიუღებელია ნეიტრალიტეტი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არ არის საქართველოს გადარჩენის გზა, ეს არის საქართველოს დესუვერენიზაციის გზა, ანუ სუვენერობის, დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა, ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს აბსოლუტურად ყველას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ნატო-ში გაწევრიანებამდე შეიძლება შანსი გაგვიჩნდეს უსაფრთხოების გარკვეულ მოდელებში მონაწილეობის, ოღონდ ეს არის ნატო-ში გაწევრიანებამდე და ეს არ არის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა