თეგებით ძიება

ახლა გვჭირდება ერთიანობა - რას სთავაზობს ვაშაძე "ქართულ ოცნებას"?

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელი იყო ხელისუფლებას და ოპოზიციას ბრიუსელში, საქართველოს მოსახლეობის სახელით, ერთად დაეფიქსირებინა პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციაზე.

"იმაზე, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ, ეს არის თქვენი პასუხი? მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას, ევროპულ ინტეგრაციას სჭირდება ერთიანობა და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. შემოგთავაზეთ ბრიუსელში პოზიციის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი, უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა და ამას გვპასუხობთ? ეს არის თქვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია? ხომ არ შეიძლება ამ 10 წლის მანძილზე მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდეთ და ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის შიგნით ეძებდეთ მტერს? დღეს ვინც ქვეყნის შიგნით ეძებს მტერს, ის არის მტერი ამ ქვეყნის, როცა უარს ამბობთ ერთიანობაზე, ამით მტრობთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, მე კი მივდივარ ბრიუსელში ხვალ და თქვენ მითხარით, რომ ზეგ მიდიხართ ან ცალკე მიდიხართ, მაგრამ ასე არა, ერთიანად, ყველა ჩვენი მოქალაქის სახელით უნდა ჩავიდეთ და მყარად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში და ამ დროს თქვენ ისევ გვყოფთ, ისევ გვხლეჩთ, ამბობთ, რომ ჩვენ არაფერი არ ვართ, იარლიყებს გვაკერებთ, როდემდე? რუსულ აგრესიას შეხედეთ, ათასობით ადამიანი იხოცება, ვინაა გარანტი, რომ საქართველოში იგივე არ მოხდება, ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას, გეუბნებით და არ დგამთ, იმ განცხადებასაც, რასაც ხელი მოაწერეთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ესეც ფარსია. არ გინდათ ერთად წავიდეთ წინ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები ომს, დაძაბულობას, თქვენ ეს არ გინდათ, გინდათ მხოლოდ თანამდებობების შენარჩუნება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მე ხვალ მივდივარ ბრიუსელში და მაინც ვისთანაც შევძლებ, ვიტყვი, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება. მე არ ვიცი, თქვენ რისთვის დადიხართ, რას აკეთებთ იქ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გზას არ ავცდეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ნეიტრალიტეტის საკითხს და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ საკითხზე საზოგადოების განწყობა მოსინჯა და შემდეგ უკან დახევა მოუწია.

"ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საუბარი თქვენმა დაქირავებულმა "ბოტებმა" შემოიტანეს სოცქსელებში, თქვენმა დაქირავებულმა ექსპერტებმა გააძლიერეს და დღეს მიხვდით თქვენ, ბატონო მამუკა, ბატონო ირაკლი, ბატონო ირაკლი მეორე, ყველანი მიხვდით, რომ ისეთი თემა გახსენით, რომელზეც ძალიან მკაცრ რეაქციას მიიღებდით ქართული საზოგადოებისგან. აი, ასე მოგიწევთ ყოველთვის უკან დახევა, ნეიტრალიტეტს არ მიიღებს და არ გაიგონებს არასდროს საქართველო, რადგან ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა, ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, საერთაშორისო ასპარეზზე ერთად დგომა, ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და ამაზე ყველაფერზე უარს ამბობთ თქვენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ძნელბედობის დროს საქართველოში თქვენ ხართ ხელისუფლებაში, იმედი მაქვს ეს მალე დამთავრდება",- განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა