თეგებით ძიება

როცა საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რატომ კეთდება უკრაინის მხრიდან კრიტიკული განცხადებები? - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, ქართული „ომის პარტია“ განსაკუთრებული პრივილეგიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა.

„უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა, ე.წ. „ომის პარტია“, რომლის მიზანია, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. სამწუხაროდ, ამ „ომის პარტიას“ ჩვენს საზღვრებს მიღმაც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. სწორედ ამას ნიშნავს, როდესაც პირდაპირი ტექსტებით მოგვიწოდებენ, რომ რუსეთი დასუსტდა და ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. რომ სასწრაფოდ, სწორედ ამ ცხელ დღეებში, უნდა დავიწყოთ გამალებული შეიარაღება. ან კიდევ, რომ სპეციალური თვითმფრინავებით უნდა გავუშვათ შეიარაღებული მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად და ა.შ. და როდესაც ჩვენ მტკიცედ და არაორაზროვნად ვიმეორებთ, რომ უკრაინისადმი ურღვევი მხარდაჭერის პარალელურად საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, ეს იწვევს შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. „ომის პარტიის“ წარმომადგენელი ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არაერთი განცხადების ციტირებას აღარ მოვახდენ აქ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად მიუღებელია, როცა მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ მაღალი თანამდებობის მქონე პირები პირდაპირი ტექსტით მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ

ყოველივე ამის ფონზე ჩნდება კითხვა, როცა საქართველო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გვერდით დაუდგეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ხაზგასმით ვიტყვი, აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მისამართით?! გასაგებია, რატომაც! ქართული „ომის პარტია“ განსაკუთრებული პრივილეგიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში, არწმუნებს მათ, რომ შესაძლებელია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანა", განაცხადა სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა