თეგებით ძიება

"გვეღუპება ერი..." - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"განათლების სამინისტროს კატეგორიულად ვთხოვ სასწავლო პროგრამას დაამტოს საგანი „წაკითხულიდან აზრის გამოტანა“. სხვა გზა არ არის, გვეღუპება ერი. გუშინწინ ერთი უწყინარი პოსტი დავდე. მოკლე შინაარსს დავწერ, სტრიქონებს შორის კიდევ რამე რომ არ ამოიკითხონ.

ვწერდი, რომ არც ერთ ომში არასდროს, არავის დაუნდვია ქალები და ბავშვები. (თუ ვცდები და იცით რომელიმე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ჯერ ქალები და ბავშვები მოაშორეს იქაურობას და მხოლოდ ამის შემდეგ დასცხეს კაცებმა ერთმანეთს, მითხარით და სულ წავშლი იმ საცოდავ პოსტს), სამწუხაროდ, არც ბუჩა აღმოჩნდა გამონაკლისი, ღმერთო, ყველას აშორე ის ჯოჯოხეთი, რაც იქ დატრიალდა, მშვიდობა მოგვეცი და დაიფარე ჩვენი შვილებითქო.

ჩემი მეგობრების უმეტესობამ, ცხადია ადექვატურად აღიქვა შინაარსი, მაგრამ კომენტარს ხომ უცხოებიც წერენ. მათი აზრით მე, თურმე ვამტყუნებ უკრაინას ომში რომ ჩაება. ვაკნინებ ბუჩას სასაკლაოს, ყველა ომში ხდება ასეთი რამ და რა მოხდა, იქაც თუ მოხდათქო. (ღმერთო, აი ასეთი უკუღმართიი ქვეტესტი რომელმა გაღუნულმა ტვინმა უნდა უკარნახოს თავის პატრონს?!), მოვუწოდებ ერს უბრძოლველად დავნებდეთ რუსეთს (საერთოდ, კომენტარებს რომ ვკითხულობდი, მეგონა რუსეთმა უკვე გამოგვიცხადა ომი, მე თეთრ დროშას ვაფრიალებდი კაპიტულაციის ნიშნად და ყველა სხვა ფეისბუქელი კლავიატურის ნაცვლად ავტომატს აკაკანებდა.) აღარაფერს ვამბობ, რამდენმა დასვა ორი, უკვე ათას ადგილას ათასჯერ გამეორებული კითხვა: აბა დათვი რომ მოგერევა უნდა დაუწვე და სიამოვნება მიიღო? და დავით აღმაშენებელს რომ ასე ეფიქრა, ახლა სად ვიქნებოდით?

მოკლედ, ძალიან დავიღალე ყველასთვის ცალ-ცალკე პასუხის გაცემით და აქ გწერთ.

1. უკრაინელი ხალხი გმირია. რამდენად სწორად მოიქცა მათი მთავრობა, ისტორია შეაფასებს.
2. პუტინი ავადმყოფი სადისტია. კაცმა არ იცის, რა გადაუტრიალდება ტვინში. თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და აქეთ მომართა თავისი დაწყევლილი ტანკების ლულები, ცხადია, შევაკვდებით, მაგრამ ჭკუიდან გადასული ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალი არ მიმაჩნია სწორად, რამეთუ ჩვენ, ქალებიან-ბავშვებიანად 4 მილიონიც არ ვართ, ის 145 მილიონია და როგორც უკრაინის გამოცდილებამ გვაჩვენა, გარედან კაციშვილი არ იქნება ჩვენი დამხმარე.
3. პოსტი არ იყო პოლიტიკური, პასუხებში მომიწია პოლიტიკურ დებატებში შესვლა, რასაც ვერც ცხოვრებაში ვიტან და ვერც ფეისბუქზე.
4. მშვიდობის ნატვრა არც სიმხდალეს ნიშნავს, არც რუსეთუმობას და არც ჯერარდაწყებულ ომში კაპიტულაციისკენ მოწოდებას.
5. და რა ვიცი, დღეს თუ თქვენ მშვიდობაზე სანატრელი რამე გეგულებათ, დაწერეთ, არ მოგერიდოთ, ისეთები წავიკითხე იმ კომენტარებში, რაღა გამაოცებს", - წერს გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა