თეგებით ძიება

"გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ უკრაინის ასეთი მხარდაჭერა ზედმეტია, რადგან ჩვენ ამდენი დევნილი გვყავს" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს ეხმაურება და საქართველოს გადატანილ კონფლიქტებს იხსენებს, აქვე კი, დევნილ ქართველებს პატივისცემასა და მხარდაჭერას უცხადებს.

"უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაგვიმძაფრდა ჩვენი ომების ტკივილი. თვალწინ სულ 90-იანების და 2008 წლის ომის კადრები ტრიალებს. ზოგჯერ სოციალურ ქსელებში გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ უკრაინის ასეთი მხარდაჭერა ზედმეტია, რადგან ჩვენ ამდენი დევნილი გვყავს. ეს არ მგონია სწორი. უკრაინის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტკივილი დაგვავიწყდა. პირიქით, უკრაინას ვგულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც მეგობარ ქვეყანას, მაგრამ ორმაგად განვიცდით მათ ამბავს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ტრაგიკული უახლესი ისტორია კიდევ უფრო გვიძლიერებს მხარდაჭერის სურვილს. ფაქტიურად ჩვენს ბრძოლად აღვიქვამთ.

მარიუპოლის და ბუჩას კადრების აღქმა კიდევ უფრო მძაფრად შეგვიძლია იმიტომ, რომ გაგრის უმძიმესი ისტორიები გვახსოვს. სოხუმის დაცემის ტკივილი აძლიერებს შიშს, რომ კიევმაც იგივე ბედი არ გაიზიაროს. ჭუბერის საშინელი კადრები სულ თვალწინ გვიდგება. არა მგონია, დღევანდელი ჩვენი ემოციები რამენაირად ჩენი დევნილების მიმართ ნაკლებ პატივისცემას ნიშნავდეს.

თუმცა ერთი კი მინდა ვთქვა, ის შეგრძნება სულ მაქვს, რომ ამ ხალხს თავის დროზე სათანადო სითბო და ყურადღება არ მივეცით. მათ მთელი საქართველოს ომი გადაიტანეს...მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ სულ გულზე მესობოდა იმის ყურება, რომ დანარჩენი საქართველო ფაქტიურად ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობდა და თითქოს ისე მკვეთრად ვერ აღვიქვამდით იქაურ რეალობას. სულ მაქვს შეგრძნება, რომ მათთან ვალში ვართ. ჩვენს ბავშვებს მეტად უნდა ვასწავლიდეთ მაშინდელ ამბებს, უფრო უკეთ უნდა იცნობდნენ ჟიული შარტავას და სხვა გმირების სახელებს. ძალიან გული მწყდება, რომ ზოგიერთები იმ მიზერულ დახმარებასაც კი აყვედრიან ჩვენს დევნილებს, რასაც სახელმწიფო აძლევს.
კიდევ ვიმეორებ, მათთან სამუდამო ვალში ვართ.

ეს მუსიკა ჩემი სრულიად მოკრძალებული მადლობა და პატივისცემაა ჩვენი დევნილების მიმართ... თუ ეს რამეს ნიშნავს...
აფხაზეთი - Abkhazia

მუსიკა და შესრულება: მაია ბუწაშვილი", - წერს ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა