თეგებით ძიება

"ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით" - რამილია ალიევა მასწავლებლებს მიმართავს

ჟურნალისტი, რამილია ალიევა სოციალურ ქსელში ქართული ენის შესახებ წერს:

"ქართულის სწავლა რომ დავიწყე წერის დროს "ჯ" და "ჭ" მეშლებოდა სულ... დედაჩემს ვურეკავდი, დედა ამ სიტყვაში რომელია, ბაფთიანი თუ ჯოხიანი... აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, აზერბაიჯანულენოვან გარემოში ვცხოვრობდი. ქართული ანბანი ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა ყველა რვეულში ვხატავდი ასოებს, ანბანი ვიცოდი, სიტყვები არა... ერთხელ სამარშრუტო ტაქსში დამავიწყდა სიტყვა გააჩერეთ, ბოლო გაჩრებამდე გავყევი და მერე ისევ უკან დავბრუნდი იმავე მარშრუტით, პატარა ვიყავი და ალბათ კითხვა მომერიდა.
ქართული ენა რთული ენაა არაქართულენოვანისთვის... სალაპარაკო ენა როცა ვისწავლე გამოიკითხეს, ჩემთვის იპოვეს მასწავლებელი, რომელზეც ამბობდნენ ყველაზე კარგად ასწავლის აბიტურენტებს. მესამე გაკვეთილი იყო აბო თბილელის წამება. ქართული ენის მასწავლებელი ისე არაჰუმანურად მოიხსენიებდა სხვა ერის, სხვა რელიგიის ადამიანებს, კულტურას. მეოთხე გაკვეთილზე არ წავედი, შემეშინდა.
გაუცხოება სულ იყო, დღესაც არის. ეს არც თქვენი ქართველების ბრალია, არც ჩემი - საქართველოს აზერბაიჯანელის... მიზეზები ბევრია, მიზეზებზეც უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა... ვისაუბრებთ კიდევაც. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რას განიცდიდა ის პატარა მუსლიმი გოგო რომელსაც უბრალოდ ქართულის სწავლა უნდოდა და იმისგან ვინც ქართულს ასწავლიდა ისმენდა უსაზღვრო ზიზღს მისგან განსხვავებულების მიმართ. თან თემა იყო აბო თბილელის წამება...
იმ პატარა გოგოს, რომელიც ახლა ამ სტატუს წერს გაუმართლა, მერე შეხვდნენ ადამიანები, რომლებმაც მას სიყვარულით ასწავლეს ქართული. შეხვდა ადამიანი რომელიც ვეფხისტყაოსანი შეაყვარა, ალუდა ქეთელაურის მაგალითზე ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარა, მაგრამ ყველას ხომ შეიძლება არ გაუმართლოს ისე როგორც მე გამიმართლა.
ასწავლეთ თქვენს არაქართულენოვან მოსწავლეებს, სტუდენტებს ქართული ენა სიყვარულით
ხშირად მათთვის თქვენ პირველი ქართველი ხართ ვისთანაც ურთიერთობა აქვთ
გილოცავთ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს!", - წერს ალიევა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა