თეგებით ძიება

"ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო დრო და მომენტი, რუსეთს ეთამაშებოდა და ვიზიტებზე დარბოდა..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე რუსეთ-უკრაინის ომზე წერს:

"კიდევ რაღაცნაირად მინდა გამოვხატო, როგორ აღვიქვამ ამბებს და ძალიან ვეცდები მერე სხვა რამეზე ვპოსტო. თუმცა ამ ომმა ისე გადამიყვანა რელსებიდან, პირობას ვერაფრისას ვდებ. დღევანდელი პოლიტიკოსების თითქმის ასი პროცენტი მრავალი წელია ჩვენს ცხვირწინაა და ვინ ვინაა, ამის ყოველდღიური მტკიცება, ან მხილება აღარ არის საჭირო. ყველა მათგანი უკვე ყველას ცნობიერებაში საკმარისად გაფორმებულია რისი მკადრებელია, რისი მკეთებელია, რა პოლიტიკური დონე აქვს და ა.შ. შესაბამისად, ამომრჩეველმაც ზუსტად ვიცით რა გვინდა და რა არ გვინდა. თუ არაფერი მოხდება არაორდინარული, ყველაფერი იგივე წრეზე იქნება, რა წრეზეც ამდენი წელი არის. მათთვის არაორდინარული კი აწი არა უკიდურესი პოლარიზაციის გაჩენის უნიკალური უნარია, რამაც უკანასკნელ ზღვარს მიაღწია, არამედ სწორედ ქვეყნისთვის ფუნდამენტურ თემაზე ერთობლივი მუშაობაა. დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ასეთი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება და ისტორიის გადამწყვეტ მომენტს ჩვენ იმ პოლიტიკური შემადგენლობით შევხვდით, რითაც შევხდით. ამდენი წელია ნაც-ქოც კარნავალს ვესწრებით და შედეგად დამუხრუჭებულია ყოველგვარი პროგრესიც და ცვლილების ყველა შესაძლებლობაც. ამდენად, დღეს მთელი ჩემი პოლიტიკური მოლოდინი კონცენტრირებულია იმაზე, როგორ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც 30 წელია მუხრუჭების ჭრიალით და ბუქსირით მივიწევთ. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვისაც ახლა დადგა ის მომენტი, როცა ამ შედეგის მოტანაში უნდა დაეხმაროს ქვეყანას, როგორც შეუძლია და მხოლოდ ამ შედეგს დავუფასებთ გულუხვად. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო დრო და მომენტი, რუსეთს ეთამაშებოდა და ვიზიტებზე დარბოდა, პირადად ჩემი ოჯახისთვის კი, მთლად ერთ მთავრობას რომ წარმოადგენდნენ, მაშინ აქვს უამრავი ზიანი მოყენებული, შეკვეთილი სტატიებით და ა.შ. მეზარება გახსენება, იმიტომ ვამბობ ახლაც, რომ წარმოიდგინოთ, რამდენად შეიძლება "შემეცვალოს" მასზე პიროვნული აზრი, დღეს, როცა უცხოური პრესა წერს, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყნის იმიჯს ეხმარება და რათქმაუნდა ეს მომწონს. ალეკო ელისაშვილი და მე ერთ ეზოში გავიზარდეთ და ერთხელნანახი ხალხი და თვალითუნახავი ფრენდებიც მიყვარდება და ბავშვობიდან ნაცნობი, მითუმეტეს, თანაც მას ბოროტი არასდროს არაფერი ჩაუდენია, მაგრამ მის მიმართაც ჰქონდა ბევრს კრიტიკა რიგ საკითხებზე. დღეს მისი სახით საქართველოს პარლამენტარი რუსების წინააღმდეგ იბრძვის - გადასარევად ისმინება და იმზირება ეს ამბავი. სალომე ზურაბიშვილს რატომ ვაკრიტიკებდი გუშინ, საინტერესო არ არის დღეს, თუკი იმ საქმეს ახლა თანმიმდევრულად მოემსახურება, რისი ლეგიტიმაციაც მას აქვს და თუ არ გააკეთებს, ვერსადაც ვერ გავფრინდებით. "ხელისუფლებას შევცვლით და მერე" - ლირიკაა. მომენტი თუ გაფრინდა, ისევ დაკარგული შანსის წინაშე აღმოვჩნდებით. მოკლედ დღევანდელ დღეს, ვთვლი, რომ საზოგადოებამაც მოვახერხეთ "კადიროვა-ხალხის" სამარცხვინო სახის ჩამოხევა და ჩვენმა ხშირად დაწუნებულმა ოპოზიციამაც მართლა კარგად იმუშავა, დაუღალავად დაუპირისპირდნენ მთავრობის ქვეყნისთვის დამღუპველ გამონათქვამებს, უკან დაწიეს ჭარბი პარტიული რიტორიკა და არ დაქსაქსეს მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა, შეინარჩუნეს ორგანიზებულობა მთელი ამ ხნის მანძილზე, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებაშიც დიდი შრომა გასწიეს, სხვებთან ერთად. ახლა კი მთლად გამონათება მოხდა, პარლამენტის წევრებმა მოიშორეს კომპლექსი და დელეგაცია დგება. მოკლედ ჩემი შეკვეთაა, ომი რომ დასრულდება, ქვეყანა იქ აღმოჩნდეს, სადაც უნდა აღმოჩნდეს და ჩემი აზრით, ყველამ უნდა შეძლოს ამ მიზნისთვის ერთმანეთის სულ მცირე გამონათებისაც კი არჩაქრობა და სასარგებლოდ გამოყენება. ამ პრინციპით, სერგიენკო რომ ამბობს, დელეგაციაში უნდა ვიყო, უკრაინული ფესვები მაქვსო, არ გადმოვიღებ კალენდარს და "2012-მდე სად იყავის" არ ვეტყვი. არავის არაფერს არ ვეტყვი, რაც იმ ენთუზიაზმს მოკლავს, რამაც ისტორიულ შანსს შეიძლება აგვაცილოს. აგია ჩემი უგრძესი კომენტარი", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა