თეგებით ძიება

"მოსკვა" ისტორიის კუთვნილება გახდა. ის ცნობილი მიმართულებით გაუშვეს. ეს ძალიან დიდი მოვლენაა როგორც სამხედრო, ასევე სიმბოლური კუთხით" - კახა ესებუა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, კახა ესებუა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, რუსული სამხედრო კრეისერის "მოსკოვის" შესახებ ფეისბუქზე წერს:

"როგორც ჩანს, კრეისერი "მოსკვა" ისტორიის კუთვნილება გახდა. უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა ის ცნობილი მიმართულებით გაუშვეს. ეს ძალიან დიდი მოვლენაა როგორც სამხედრო, ასევე სიმბოლური კუთხით. "მოსკვა" შავი ზღვის საფლაგმანო ხომალდი იყო, რომელზეც შორ მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები იყო განთავსებული. რუსული საზომით მისი წყალწყვაც საკმაოდ დიდი იყო (12 ათასი ტ). თუმცა ამ მოვლენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემა გამახსენა, რომელიც მინდა მოგიყვეთ.

წლების მანძილზე კამათი მქონდა ძველი თაობის საზღვაო ძალების (და არა მარტო) ოფიცრებთან, რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ ხელისუფლება დაერწმუნებინათ ფლოტის აღდგენის საკითხში. არგუმენტი, როგორც წესი, სასაცილო იყო - ზღვაზე გასასვლელი გვაქვს და ფლოტი არ უნდა გვყავდესო? (ხაზს ვუსვამ, რომ ეს საუბრები სოციალურ ქსელებში, საჯაროდ გაიმართა, დახურულ შეხვედრებზე ნათქვამ სიტყვებს ბუნებრივია არასდროს საჯაროდ არ გამოვიტან). ბევრისთვის ეს შეიძლება ნაკლებად გასაგები საკითხია და მოკლედ ამ თემას გავშლი.

საქართველოს და მის მსგავს მცირე სახელმწიფოებს (რომლებსაც პრინციპში უკრაინაც მიეკუთვნება, მისი დიდი ზომის მიუხედავად), რომლებიც უფრო დიდი და ძლიერი საზღვაო სახელმწიფო უპირისპირდება, ფლოტის ყოლის რეალური აუცილებლობა არ გააჩნიათ. მათი მთავარი ამოცანაა (1) არ დაუშვან მოწინააღმდეგის ხომალდების ქვემეხის წვდომის მანძილზე მიახლოვება და (2) არ დაუშვან მსხვილი ძალების დესანტირება ზღვიდან. სხვა მხრივ, ამ ტიპის ქვეყნების ფლოტს რეალური ამოცანები არ გააჩნია. ამ ამოცანების შესრულება ფლოტისგან ძალიან სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს, რომელიც მაინც დიდი ალბათობით პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით წყალში ჩაიყრება ომის პირველივე საათებში. ზღვაზე ხომალდის "დამალვა" ძალიან რთულია. მით უმეტეს სახელმწიფოსთვის, რომელსაც დიდი მდინარეები არ გააჩნია, რომელშიც შესაძლებელი იქნება მოზრდილი ხომალდის შეყვანა. ზღვაზე მოწინააღმდეგ დიდი საცეცხლე უპირატესობის პირობებში, მცირე ქვეყნის ხომალდები როგორც წესი პორტშივე უსახელოდ იძირებიან, თუნდაც მოწინააღმდეგისთვის გარკვეული ზარალის მიყენების შემდეგ. ასე მოხდა 2008 წელს ჩვენი ფლოტის შემთხვევაში, იგივე მოხდა 2014 და 2022 წლებში უკრაინის მაგალითზეც.
ამის საპირისპიროდ, ზემოთ ნახსენები ამოცანის შესასრულებლად, იდეალურია ხმელეთზე ბაზირებული მობილური ხოლდსაწინააღმდეგო სისტემები. ისინი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია, გადაადგილდებიან გზებზე, ტყეებში, ადვილია მათი დამალვა, სწრაფად ხდება მათი გაშლა, გასროლა და პოზიციის დატოვება. ბევრი მათგანი მოქმედებს დაახლოებით 200 კმ-ზე, რაც იდეალურად ერგება ზემოთ აღწერილ ამოცანას. ისინი ბევრად იაფია გემებზე, რომლების შეძენაც ძალიან ძვირი ჯდება და მომსახურებაც. ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ოპერირებაც ბევრად მარტივია, პირადი შემადგენლობაც ბევრად ნაკლები სჭირდება.

2015-2017 წლებში, აშშ-ში საზღვაო ძალების Naval Postgraduate School-ში სწავლისას, სამაგისტრო თემად შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერება და ნატოს ალტერნატიული კონტრ-სტრატეგია ავირჩიე. სხვათაშორის, ნაშრომი პენტაგონში, საზღვაო ძალების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურშიც (N-5) გადააგზავნეს. მოგვიანებით, ამ ნაშრომის მოკლე ვერსია რონდელის ცენტრის სახელითაც დაიბეჭდა და მისი გაცნობა კომენტარებში მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ. აქ მოკლედ აღვწერ პრობლემის არსს.

არსებობს ასეთი ცნება Anti-Access/Area Denial (A2/AD). მისი წარმოშობა და აქტუალიზაცია ჩინელებს უკავშირდება. როდესაც ერაყის პირველი კამპანიისას აშშ-მ ადვილად შეძლო ერაყის არმიის დამარცხება, ჩინელმა სამხედროებმა დაიწყეს ამ საკითხის სიღმისეული კვლევა. მათი საბოლოო დასკვნა იყო, რომ ამ წარმატების მთავარი მიზეზი ომის თეატრის მიმართულებით აშშ-ს მიერ ძალების სწრაფი და უსაფრთხო გადასროლის შესაძლებლობა გახლდათ. ამის საპირისპიროდ, ჩინელებმა დაიწყეს ხომალსაწინააღმდეგო რაკეტების ინტენსიური წარმოება და მათი განლაგება სანაპიროზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, რადიო-ელექტრონული ბრძოლის და სხვა საჭირო სისტემებთან ერთად. ეს ქმნის ერთგვარ ბუშტებს კრიტიკულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეალებში, სადაც მოწინააღმდეგეს მოქმედება არ შეეძლება.

ჩინური გამოცდილება რუსებმაც გამოიყენეს და დაიწყეს ამ ტიპის A2/AD ბუშტების ფორმირება. პირველი მათგანი ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნახევარკუნძულის გარშემო ჩამოყალიბდა. შემდგომში ანალოგიური რამ შედარებით მცირე მასშტაბით რუსებმა სირიაშიც გაიმეორეს, სადაც სწრაფად გაშალეს შესაბამისი სისტემები და პრინციპში აშშ-ს და მისი მოკავშირეების ინტერვენცია ჩაშალეს.

ნაშრომი ამ ბუშტებს დეკონსტრუქციას ახდენდა და ნატოს გარკვეულ ალტერნატივას სთავაზობდა, თუ როგორ შეემცირებინათ ამ რუსული A2/AD ბუშტების ეფექტიანობა. ეს ალტერნატივა სწორედ რომ შავი ზღვის სანაპიროზე ანალოგიური ბუშტების ჩამოყალიბებას გულისხმობდა, რომელიც რუსეთს ამ ბუშტში და მის სიახლოვეს მოქმედების თავისუფლებას წაართმევდა და შეამცირებდა სანაპირო სახელმწიფოების მოწყვლადობას ზღვიდან. ეს ბუშტები უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ დაახლოებით 200 კმ-ზე მოქმედ მობილურ ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე და რადარებზე დაფუძნებით.

უკრაინის ომმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთის მსგავსი მოწინააღმდეგის პირობებში ფლოტის ყოლა წყალში გადაყრილი ფულია. ბევრი უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება ამ ფულით, რომელიც მოწინააღმდეგეს ბევრად დიდ ზარალს მიაყენებს. იმედია ნატო და შავი ზღვის სახელმწიფოები დაფიქრდებიან ამ საკითხზე და უმაქნის ფლოტში ინვესტირების ნაცვლად, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები განვითარებაზე/შეძენაზე/გაშლაზე იმუშავებენ, რაც რუსეთს საზღვაო დომეინში მოქმედებას უკიდურესად გაურთულებს", - წერს ესებუა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა