თეგებით ძიება

პრეზიდენტი მეგრული და სვანური ენების სკოლაში სწავლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგრული და სვანური ენების სკოლაში არჩევით საგნებად სწავლების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არდათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს - 1917 წელს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 და 1991 წლებში დამოუკიდებლობის აქტების მიღებას. ამ გამარჯვებაზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო.

221 წელი კი ეცადა რუსეთმა საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც, ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლაში საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინათ თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა; შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი აგრძელებს დღეს აფხაზეთში. რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება, როგორც აფხაზური, ასევე, ქართული ენები. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს კი ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, „გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა