თეგებით ძიება

"რა ხდება მეგრელების და სვანების ქართველობაში გეპარებათ ეჭვი, თუ მათ საქართველოსადმი პატრიოტიზმში?!" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნებად სწავლასთან დაკავშირებით, მიესალმება.

"სამარცხვინოა, ვინც ფიქრობს რომ მეგრული და სვანური ენების სწავლება სკოლებში სეპარატიზმს გააღვივებს. რა ხდება მეგრელების და სვანების ქართველობაში გეპარებათ ეჭვი, თუ მათ საქართველოსადმი პატრიოტიზმში?!

რა გამოდის, ეს ორი უძველესი ენა ხელშემშლელია საქართველოს ერთიანობისათვის? ქართველი ერის ერთობას აქამდე არასოდეს უშლიდა ეს ქართველური ენები და არც არასოდეს შეუშლის ხელს, რადგან ასეთია ისტორიული გამოცდილება და ტრადიცია! მე-20 საუკუნიდან გაჩნდა მეგრელ სეპარატისტთა მცირე ჯგუფი, მაგრამ რამდენიმე ათეულ კაცს არ აღემატება და მათი იდეოლოგიის გაზრდასთან ენის სკოლაში სწავლებას კავშირი არ აქვს, პირიქით კი, მათ რიტორიკას რომ სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით ქართული ენა დევნის და ავიწროებს მეგრულ ენას, საფუძველი გამოეცლება.

იმისათვის რათა ეს ორი "კუთხური" ენა შევინარჩუნოთ სამეგრელოში და სვანეთში 21-ე საუკუნის გლობალიზმის პირობებში და არ დავკარგოთ, დავიცვათ ბარბარიზმების მძიმე გავლენისაგან, საჭიროა სკოლებში ნებაყოფლობით საგნად მათი გრამატიკული სწავლება სამეგრელოში და სვანეთში. ეს სჭირდება საქართველოს ეთნოგრაფიას, ისტორიას, ენათმეცნიერებას, ფოლკლორისტიკას, ხალხურ სიმღერას და მუსიკას.

ყველა დიდი ქართველი მეცნიერი ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, ფილოლოგები, პედაგოგები მეგრულს და სვანურს უწოდებდნენ ქართული ენის მონათესავე ენებს, ანუ ქართველურ ენებს, მათ შორის: ვახუშტი ბაგრატიონი, იაკობ გოგებაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე. ასევეა მიჩნეული მთელ მსოფლიო მეცნიერებაში. შესაბამისად ბოლო პერიოდში რამდენიმე ფსევდომეცნიერის მიერ, რომელთაც "ჩვენი" პრორუსული საპატრიარქო უმაგრებს ზურგს, ამ ენების დიალექტებად გამოცხადება არის სამარცხვინო და ანტიმეცნიერული ფალსიფიკაცია და ემსახურება ისტორიის წაშლას, შიდა ეროვნული შუღლის გაღვივებას.

მეგრული და სვანური ენები ქართულ ენასთან ერთად არის საქართველოს სიმდიდრე და მას დაცვა, გაფრთხილება სჭირდება!", - წერს ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა