თეგებით ძიება

" ო, ღმერთო, რა მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა!"- რას წერს ალეკო შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"თემქაზე ჩემი ოჯახის ცხოვრებამ პირველ სართულზე კოდური სიტყვის - „ხტომის“ ქვეშ ჩაიარა. დიახ, ზემოთ, სწორედ ჩვენს თავებზე მიდიოდა ბიზონების ხტომა-გადარბენა და სხვა, მსხვილი რქოსანი საქონლის გადარეკვა საძოვრებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო კამეჩების ხტომა სიგრძეში, ეს ყველაფერი უკვე მოყოლილი მაქვს: დინ-ციგ-დინ-ციგ-დინ-ციგ-დინ-ციგ... ავოე, წავიდა, წავიდაააა! ყოველ დღე ვნატრულობდი, დავბრუნდები იმ ჩემს ვაჟაზე, ჩემს მე-8-ზე და ზემოდან ღმერთის გარდა აღარავინ მეყოლება-მეთქი.

ჰოდა, დავბრუნდი. ის რაც მარადონასთვის ღმერთის ხელი იყო, ჩემთვის ღმერთის თქეშად იქცა, წვიმის სახით მოვლენილი, და დავრბოდით შუღლაძეები ლოჯიაში, როგორც მაგელანის მეზღვაურები და ვხაპავდით წყალს იატაკიდან, მაგრამ ვითმენდით. სხვა რა უნდა მომხდარიყო? ვერც ვერაფერი წარმომედგინა, და ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად.

სანამ ჩვენ ქვემოთ ინდოელები არ გადმოვიდნენ. ო, ღმერთო, რა მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა!
ჩემი სამაგიდო წიგნი „რატომ არ უნდა მეშინოდეს ქვემოთა მეზობლის“ (ავტ. ჯონათან პარკერი) აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდა.
ჯერ დილით სახლში რაღაც აგრუხუნდა, და რადგან წინა საღამოს ლატიკამ მითხრა, სამზარეულოში სტიაჟკა არასწორად არის დასხმული და გაზქურა კორიკაობსო, - ვიფიქრე, გამთენიისას ლატიკა პნევმატიკური ჩაქუჩით ბეტონს ანგრევდა...

თურმე ინდოელების წყლის მილი ზანზარებდა. მაგრამ ეს კოკორი აღმოჩნდა. საშინელი გაფურჩქნები ამის მერე დაიწყო.
კოდური სიტყვა „ხტომა“ სულ სხვა სიტყვამ ჩაანაცვლა - „ხრაკვა“ - აი, ნამდვილი კატასტროფა. ხრაკვაც არის და ხრაკვაც. ისინი ერთ ტაფაში, ერთდროულად და ერთბაშად, ასევე ერთიანად და ძალზე ხანგრძლივად ამას ხრაკავენ: ხმელი და ქორფა ჯანჯაფილი, ნიორი, ხახვი, პილპილი, წითელი წიწაკა, კარდამონი, დარიჩინი... და მალევე უმატებენ ინდურ საიდუმლო მასალას... სანამ ტაფას შავი ბოლი არ აუვა, არ ეშვებიან... მთელი მათი საჭმელი-კვამლი ჩვენთან ამოდის. ეს პროცესი იწყება ღამის პირველის ნახევარზე. ანუ იმათ შივდებათ და ჩვენ გვენძრევა.

და წვება ნისლი ჩვენს ოთახებში, ქრება ვარსკვლავები გარეთ, აღარ ჩანს მთვარე, ნათურები სკდება ერთმანეთის მიყოლებით... C4H8Cl2S (იპრიტი) ამასთან შედარებით ვარდის სურნელია.

ძლივძლივობით მე ვამჩნევ ლატიკას, ნისლიან-ბურუსიან ოთახიდან გამომავალს, პირდაფჩენილს, შენელებულად მოძრავს. ჰაერი ისეთი ბლანტია, რომ ნიღბამდე ჩემი ცოლი ხვალ საღამოს თუ მიაღწევს უკვე ჭკუიდან გადასული... სანდრო ისტერიულად აპირებს ლოგინში ჩაწოლას, მაგრამ ვერ ახერხებს: გამკვრივებული ნახრაკი ფენა-ფენად ედება მის საწოლს და ამორტიზაცია უკან აგდებს ჩემს ვაჟს... ელენეს საერთოდ ვერ ვპოულობთ, ალბათ სანელებლების ატომებმა მის სხეულში შეაღწია და თავად იქცა სანელებლად... სახეზე ხელს ვისვამ, ბღუჯად მძვრება წვერი.

და ერთადერთი აზრი, რაც ამ დროს მომდის, არის: „თვითონ რატომ არ იხოცებიან კარგმოტკნულები?!“. სანდროს ხელს ვკიდებ, გაჭირვებით გავდივართ კარში და ქვემოთკენ ვეშვებით კედელ-კედელ, მოაჯირ-მოაჯირ. ტერორისტების კარზე ვაბრაგუნებ, კარს აღებენ, სანდროს ვეუბნები: უთარგმნე, რატომ თვითონ არ იხოცებიან კარგმოტკნულები?! სანდრო ვერ თარგმნის, იმიტომ, რომ არ იცის, როგორ არის ინგლისურად კარგმოტკნული...

მაშინ მე თავად ვთარგმნი და ისინი უცბად თავიანთი ცხოვრების შესახებ მიყვებიან: ექიმები ვართ, შვიდ-შვიდი და-ძმანი გვყავს, უტარ-პრადეშში ვცხოვრობთ... რაღაც სხვა გაიგეს, აღარ შემიძლია... სახლში მეპატიჟებიან, შევდივარ, ოთახების განლაგება მერევა, უკვე დორბლი მომდის, სამზარეულოს მაგივრად, ტუალეტში შევდივარ და უნიტაზში შიგნით ხელს ვყოფ, ტაფას ვეძებ...
მშვიდობით ხალხნო.

ასე სრულდება შუღლაძეების დინასტია", - წერს შუღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა