თეგებით ძიება

"ჯერ ცრემლები წამსკდა და მერე ტირილი მოვრთე. ძალიან შემრცხვა..." - რა დაემართა დათო ლიკლიკაძეს?

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ამ ბოლო დროს ტირილი რომ დამჩემდა ადრეც ვწერდი. აი ასე, ავდგები და როცა მინდა მაშინ მოვცხებ ტირილს, თან ისე რომ ცრემლები თავისით იწყებენ დენას.

დღეს ქუთაისის ბულვარში გალა კონცერტი მიმყავდა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საოცრად ნიჭიერი ბავშვები. პირდაპირ დაფრინავდნენ სცენაზე. ერთ-ერთი შემსრულებლის გამოსვლა რომ მოახლოვდა და გამოვაცხადე, შევხედე მსუქანმა ( რაღაცნაირად ზორბა) კაცმა აიტატა და ისე შემოსვა სცენაზე მისი კაფანდარა გოგონა. ჯერ პირჯვარი გადასახა, მერე მარჯვნიდან შემოატრიალა, შუბლზე აკოცა და სცენაზე "შეაგდო". მერე იქედან გამოექანა ძუნძულით, მოუარა სცენას, ჩართული ტელეფონი გახმოვანების ბიჭებს მიაჩეჩა, დააჭერინა ვიდეო გადაღებაზე. მერე უცებ მეორე ტელეფონი წააძრო შარვლის უკანა ჯიბიდან და ფოტოების გადაღება დაიწყო. დაიწყო მარა რა დაიწყო... ხან ძელსკამზე შეხტა, ხან დედოფლები, რომ ფოტო სესიის დროს ხიდზე იზნიქებიან ისე იღებდა, ხან დაიჩოქა, ბოლოს მიწაზე დაწვა. სანახაობა ცოტა კომიკურიც იყო. ამის შემხედვარე ადამიანების ერთი ჯგუფი გამხიარულდა და სიცილი დაიწყო. მე კი (როგორც მჩვევია) ჯერ ცრემლები წამსკდა და მერე ტირილი მოვრთე. ძალიან შემრცხვა, სახელდახელო კულისებში მივიმალე და ვოცნებობდი ჯერ სიმღერა არ დასრულებულიყო, რათა ნორამლური სახის მიღება მომესწრო.

იქით ხალხი იცინოდა, აქეთ მე ვტიროდი. მხოლოდ ვერ მიხვდა, იქვე მყოფი უბნის მეეზოვე, რა ჯანდაბა მატირებდა. არ უკითხავს მაგრამ რომ ეკითხა "რატომ ტირით? მოგიკვდათ ვინმე?"- ვეტყოდი:

- დიახ მომიკვდა. მამა მომიკვდა 22 წლის წინ...", - წერს ლიკლიკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა