თეგებით ძიება

"ადამიანი რომ მოძალადედ ჩამოყალიბდა, ეს დიდწილად მისი მშობლების ბრალია" - ია ბერსენაძე

ფსიქოლოგი, ია ბერსენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მოძალადეობა ტრავმის შედეგია. ეს ტრავმა, როგორც წესი, ოჯახიდანაა, ანუ ადამიანის პირველადი სოციუმიდან და ბავშვობის დროინდელია, ანუ ტოტალური დაუცველობის ხანიდან. ადამიანი რომ მოძალადედ ჩამოყალიბდა, ეს დიდწილად მისი მშობლების ბრალია; რადგან არ არსებობს ცუდი ადამიანი. არსებობს მხოლოდ ცუდი მიზეზები ცუდი საქციელისთვის.
მოძალადეობას ბევრი სახე აქვს. მაგ. მანიპულაციები, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი, ანუ კოლექტიური ძალადობა და ა.შ. ყველაფერს ამას საფუძვლად დათრგუნული სიბრაზე უდევს, რომელიც თავის დროზე ვერ გამოითქვა, ანუ ვერ იქნა ადექვატურად დამუშავებული და მიმართული შესაბამისი ადრესატის მიმართ ( მაგ. "როგორ ბედავ, დედას/მამას/მასწავლებელს ასე ეტლიკინო?!" ), დაგროვდა მრისხანების, დაჩაგრულობის, უსამართლობის განცდის სახით და სადღაც არანორმალურად, ასოციალურად, პერვერსიულად ამოხეთქა.
დაგროვილი აგრესიის გამოშვება ამ ადამიანებს დროებით, მოჩვენებით შვებას გვრის, რომელიც ჩვეულებრივად ჰორმონალურად განპირობებული პროცესია. თუ ეს ხდება განმეორებითად, ადამიანი ხდება დამოკიდებული ამ შეგრძნებაზე, ანუ ფაქტიურად ამ ჰორმონის გამოყოფაზე. ( ნარკოდამოკიდებულების პრინციპის მსგავსად). და მისი ტვინი უკვე ამას ითხოვს, ნებისმიერ ფასად. მათ შორის, ადამიანური სახის, ღირსების დაკარგვის ფასად. რისი მომსწრენიც ვართ დღეს ყოველდღიურად.
არის თუ არა ეს ამ ადამიანების პრობლემა? არის! რადგან მათი ტვინი მუდმივად განგაშის რეჟიმში მუშაობს, ვერ ხდება პიროვნული განვითარება, მიზნებზე კონცენტრაცია, ჩნდება ინტელექტის დეფიციტი, რაც პირდაპირ კავშირშია წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრებისა და გამოსწორების უნართან. მოკლედ, ადამიანი ხდება საკუთარი აგრესიის მსხვერპლი და ემსგავსება დაბმულ ძაღლს, რომელიც სიბრაზისგან ძირითადად საკუთარ კუდს კბენს.
არის თუ არა ეს სოციუმის პრობლემა? არის! რადგან აგრესიული ადამიანი უფრო პროაქტიულია, ვიდრე - მშვიდი ადამიანი. მისი ქცევა და ემოციები რეაქტიულია და ამით იქცევს ყურადღებას, იძენს მხარდამჭერებს და ხდება სოციალური ქცევის ნორმა.
რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავაკვირდეთ საკუთარ რეაქციებს. თუ ვიღაცის ნათქვამმა ისე გაგაღიზიანა, რომ რეაქციები გაგიხდა უკონტროლო, ქცევა ასოციალური, მაშინ დაუსვი შენს თავს შეკითხვა: რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? რა მოგხვდა ამ სიტყვებში და რატომ? იფიქრე, მაშინაც კი თუ ეს პროცესი უკვე ასე ძალიან გიჭირს.
ახლა კი თავიდან წაიკითხე ეს პოსტი და მოხაზე ყველა წინადადება, რომელმაც გაგაღიზიანა", - წერს ბერსენაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა