თეგებით ძიება

"დასანანია, სარწმუნოებას ეროვნულ თარგში რომ ჭრიან და ხშირად დამახინჯებულ ტრადიციებს ქრისტიანობას აბრალებენ…" - პეტრე კოლხი

"ზოგიერთი საკუთარ თავზე იმაზე მეტს იღებს, ვიდრე ევალება… ტრაგედია ის არის, კიდევ აქით აქვს პრეტენზია და ვერ ხვდება, რომ პრობლემა სხვაში არა, მასშია, მაგრამ ამის დანახვას უნარი და ცოტა მეტი აზროვნება სჭირდება.

არც არავინ არის მომკითხავი… პატივი და დიდება ისე აბნელებს და ავიწროვებს ადამიანის გონებას, საბოლოოდ სანამ არ გადაიჩეხება, ვერაფერს ხედავს, ვერაფერს აანალიზებს… ბევრი გადაჩეხვის მერეც ბრმად რჩება…
ასეთ უზუსტობას და უსამართლობას კი უამრავი ადამიანი ეწირება…

რელიგია ხშირად საკუთარი აზროვნების და შეხედულებების კონსტიტუცია ჰგონიათ… ყველაფერს ცდილობენ, საკუთარ გემოვნებას და მენტალობას მოარგონ… არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქით მოერგონ და ქრისტეს ნამდვილ მოძღვრებას დაემოწაფონ…

დასანანი ის არის, სარწმუნოებას ეროვნულ თარგში რომ ჭრიან და ხშირად დამახინჯებულ ტრადიციებს ქრისტიანობას აბრალებენ…
ასეთი ადამიანების არაადამიანური საქციელი და გადაწყვეტილება ხშირად ისეთი დესპოტურია, თუ ძლიერი არ ხარ, შესაძლოა ვერც გადარჩე… არ არის საუბარი, მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე… სულიერ მეგომარეობას ისე გიზიანებენ, მთელი ცხოვრება დასტრესილი და განადგურებული ხარ…
ადამიანს იმაზე მეტ პატივს და დიდებას რომ გადასცემ, ვიდრე იმსახურებს, ის ბუნებრივია არასწორად იყენებს. დაუმსახურებელი დიდებით ისე მძიმდება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს საკუთარ თავზე მეტად ამძიმებს… სულ ცდილობს დაამონოს კიდეც და ფიქრის და აზროვნების უნარიც წაართვას….
ხშირად ვსაუბრობთ ტერიტორიების ოკუპირებაზე, ყველაზე შემზარავი, სულის და აზროვნების ოკუპირებაა… ნამდვილ ქრისტიანულ ხედვას რომ გიკრძალავენ და დეგრადირებულ რელიგიას რომ გთავაზობენ…

ან მათნაირად ცხოვრებას გაიძულებენ, ან მტრად გაცხადებენ…
ძალიან რთულია მიგრაციაში ყოფნა, მაგრამ გაუსაძლისად რთულია სულიერი მიგრაცია… როცა საკუთარ სამშობლოში ხარ და მაინც მიგრაციას განიცდი, მაინც რომ ვერ პოულობ თავშესაფარს და გალაკტიონის სიტყვების არ იყოს, ,,ჯვარს ეცვი თუ გინდა, არ არის, არ არის, არ არის საშველი”…
რამე რომ მოგივიდეს, თავის მოსაწონებლად საარაკოდ დაგიტირებენ… სანამ ცოცხალი ხარ, გაიძულებენ, ცოცხლად დაიმარხო და დალპე…
ვინ გაიგონებს შენ ხმას, მერე ფულიან, შეძლებულ, გავლენიან ადამიანებს ვინ გადაყვეს, ვინ იზრუნოს მათ ახირებებზე…

აკაკუნებ, აკაკუნებ, დაუსრულებლად აკაკუნებ… კაკუნისკან თითები გტკივა, ხელი, მაჯა, მთელი სხეული… კაკუნისკან მერე თითებიდან სისხლი გდის და მაინც არ ესმით კაკუნი… მაინც თვალებს იბრმავებენ, ყურებს იხშობენ… სამაგიეროდ კარგად ესმით ფულების ჩხრიალი, კარგად ხედავენ სასახლეების თვალის მომჭრელ ჭაღებს…

შენი ტკივილი კი გეტყვიან, რომ ცოდვის, დანაშაულის, შეცდომის, მოკლედ, ჯანდაბის ბრალია და ამის გამო ნურავის შეაწუხებ…
ამაოების ბაზრად ქცეული კედლების მიღმა წუხილი და დარდი ვერ აღწევს… კედლები სქელია და ადვილად ახშობს…
შენ მაინც ქრისტეს სიტყვებს ჯიუტად ებღაუჭები და ვინ იცის მერამდენედ იმეორებ-,, ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.”

მაინც გჯერა, მაინც, მაინც!..", - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა