ევროკომისიის ტექსტის კობახიძის თარგმანი არ გამოდგება: ბოდვაა და მეტი არაფერი - ეკა ბესელია
პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ევროკომისიის რეკომენდაციაზე მმართველი პარტიის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნებისა” და ირაკლი კობახიძის როტორიკა “იმ პერსპექტივასაც დაგვაკარგინებს, რისი თეორიული შანსიც რჩება”.
“საუბარია აწმყოზე, ხოლო, ის რაც წარსულში იყო და იყო ძალიან ცუდი, დარჩა წარსულში. თუ კიდევ ნარჩენები დარჩა, მოიხედოს და გვერდით უდგას ყველა, ვისაც ებრძვის”,- განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკომისიის დასკვნას, ბესელია ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“ჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ არ გვექნება. გულდაწყვეტილი ვარ. პერსპექტივა - ხალხს და ქვეყანას, ხოლო დაკარგულ შანსზე, რომ არ ვართ იმ ორი ქვეყნის გვერდით იმავე სტატუსით - სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვერ გაიაზრეს და კიდევ ისმის რიტორიკა - ფარდას ავხდით და ა.შ. ეს იგივე გზის გაგრძელებაა, რა გზამაც დაგვაკარგინა შანსი, რომ სტატუსი მიგვეღო. საქართველოს რომ პერსპექტივა აქვს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ეს ნამდვილად არაა არც კობახიძის და არც მთავრობის დამსახურება. ნაკლებად მგონია, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს.