თეგებით ძიება

ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა - სალომე ზურაბიშვილის ევროკომისიის რეკომენდაციაზე

ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა.

პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი.

„დღეს არ არის დესტაბილიზაციის დრო, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი სრულიად გადასულია ყველა მოლოდინს და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია, - ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ. ასევე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.

რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, რომელიც ასე იქცეოდა: დაანებოს ასე სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა