თეგებით ძიება

საქართველომ ექვს თვეში რეკომენდაციების შესრულება თუ შეძლო, შესაძლოა, 7-8 წელი არ მოუწიოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ლოდინი - დავით უსუფაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ექვსი თვის განმავლობაში საქართველომ თუ შეძლო ძალიან კონკრეტული მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება, შესაძლოა, 7-8 წელი არ მოუწიოს ამ სტატუსის მისაღებად ლოდინი.

უსუფაშვილის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არის ქვაკუთხედი, რატომ გვითხრეს უარი.

„ამას გვეუბნება ის ხალხი, კომისრები და თანამდებობის პირები, ვინც ერთი წლის წინ ამდენი რესურსი ჩადო შეთანხმების შედგენაში. ამ შეთანხმებას ხელისუფლება ისე მოეპყრო, როგორც ამპარტავანი და ხულიგანი ადამიანი მოიქცევა – კი, შეგითანხმდი, მაგრამ ნახვამდის, წადი და მიჩივლეო. პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა, ხელისუფლება სჭირდება სიტუაციის გამოსწორებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ექვსი თვე ქვეყანამ თუ ვერ გამოიყენა, შესაძლოა, წლობით ჩაიკეტოს ეს ფანჯარა.

„ჩამონათვალია, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ წლის ბოლოს თემა ხელახლა გაჩნდეს, ექვს თვეში თუ ამ თვალსაზრისით საქართველომ სერიოზული პროგრესი ვაჩვენეთ ევროპას, ამ ხელისუფლების იძულებით, ახალი ხელისუფლების მოყვანით რაღაცა მანქანებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ოღონდ, რაც იქ წერია, ის უნდა უზრუნველვყოთ. ევროპას ის არ უთქვამს, გაუშვით „ოცნება“ და მიგიღებთო, რადგან ევროპა ხედავს, ამ ქვეყანაში ბევრი ვინმე გავუშვით, მაგრამ მოსული აღმოჩნდა ძალიან ხშირად შესაძლოა, იმაზე უარესი. ამიტომ, ის ხალხი გვეუბნება, დაგვანახეთ, რომ ერთი სახელმწიფო ხართ, ერთი ქვეყანა ხართ, ერთად დგახართ და ერთად შეგიძლიათ, საქართველოზე ილაპარაკოთ. ამიტომ ეს ექვსი თვე ჩვენ ნებისმიერი გზით და საშუალებით, მშვიდობიანით და კონსტიტუციურით, თუ ვერ გამოვიყენეთ, მერე შესაძლოა, ექვსი და შესაძლოა, 16 წლით ჩაიკეტოს ეს ფანჯარა. ეს ნიშნავს სულ მცირე ერთი თაობის ამ უბედურებაში ცხოვრებას. საქართველო არ გაქრება, არ გადავშენდებით, მაგრამ თუ ვართ ახლა ჩამორჩენილი ევროპასთან, უფრო მეტით ჩამოვრჩებით“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დავით უსუფაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა