ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მთავრობის ცნობით, მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.