თეგებით ძიება

"ზაფხულში ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს... ნუღარ "ტისკავენ" ადამიანებს სამსახურში ივლისში..." - რას ითხოვს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია შვებულებისა და დასვენების დღეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და დაქირავებულთათვის შვებულების ინდივიდუალური გრაფიკით მორგებას ითხოვს.

"რაღაც ვიდეო შემხვდა სათაურით - როგორ ავიმაღლოთ ზაფხულში შრომისუნარიანობა. ინსტაზეც სულ მიხტება ქოუჩების დასპონსორებული ვიდეოები - გასწავლით როგორ მოიმატოთ მოტივაცია... ბლაბლა...

ისევ საწყალ და მშრომელ ადამიანზე უნდათ ფულის გაკეთება, "როგორ იგრძნო თავი ბედნიერად მაშინ როცა ვიღაცის მონა ხარ" - ტაშიიი.

მე გეტყვით მარტივს:

1. ზაფხულში ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს (ჩემნაირები, ვინც სიცხეზე მედუზასავით რეაგირებს და ჟელესავით დნება)
2. ახალი წელი არ ნიშნავს იანვარს. ფსიქოლოგიურად ახალი წელი დგება სექტემბერში, როცა ბავშვები მიდიან ახალ კლასში, ერთი წლით უფროსები ხდებიან, ჩვენც შვებულებიდან გადაჩვეულები ახლიდან ვერგებით საოფისე სივრცეს. ესაა წლის დასაწყისი სინამდვილეში. შესაბამისად ზაფხული ფსიქოლოგიურად არის წლის ბოლო და უკვე სახე გვაქვს ახეული. ნაპახავები და გაწურულები ვართ.

ამიტომ ქოუჩები ჩვენ კი არ უნდა გვატრენინგებდნენ - როგორ გამოვნახოთ ჩვენს უნარებში და ნებისყოფაში ის ბოლო წვეთები რომ პროდუქტიულები და მოხოდილები ვიყოთ სამსახურებში, პირიქით, ყველა უნდა გაერთიანდეს, მშრომელი კაცის დასაცავად, ფსიქოლოგები, პროფკავშირი, უფლებადამცველები, მედიკოსები და მოითხოვონ ნუღარ ტისკავენ ადამიანებს სამსახურში ივლისში! დაინდონ, სანამ ქალაქში ასეთი სიცხეა და არ არის მოგვარებული საზ.ტრანსპორტის საკითხი. ახალ მარშუტკებში ისევ ფეხზემდგომის საჯდომი აქვს სახეზე აფარებული მჯდომიარე მგზავრს, კონდიციონერი არ არის, გაჩერებაზე ტრანსპორტს 56 წუთი უნდა ელოდო, მეტრო ყველა უბანს ბოდიში ამ სიტყვაზედა არ უდგება. ხვათში და მტვერში ფეხით სიარულიც არარეკომენდებულია ჯანმრთელობისთვის. არც ყველა სამსახურშია კონდიციონერი, თან ყველას ზღვაზე ეჩქარება და ყველაფერს ისედაც უგულოდ აკეთებენ. მშრომელმა ხალხმა უნდა მოვითხოვოთ 2 თვიანი შვებულება. ისე როგორც სკოლებშია, არდადეგებივით, ივლისი-აგვისტო.

ვისაც ფიზიკური მონაცემები სხვაგვარად აქვს მოწყობილი და სიცხეშიც კარგად გრძნობენ თავს, ისინი ივლიან. სამაგიეროდ ზამთარში ჩვენ ჩავენაცვლებით მათ და ისინი დათვებივით გამოიძინებენ ბუნაგში, სანამ ჩვენ ვიპახავებთ. მოკლედ ერთმანეთს დავაბალანსებთ რა.

ადრე ვწერდი ყველა ადამიანს ინდივიდუალურად მის ბიოლოგიურ საათზე უნდა მოერგოს დილას სამუშაოს დაწყების დრო მეთქი, ახლა შვებულებასაც ინდივიდუალურად მორგებულს ვითხოვ.

5 წუთით დამავიწყდა რომ საქართველოში ვცხოვრობ და ძალიან ფანტაზიებში გადავეშვი, ლამის პეტიცია გავამზადე ხელმოსაწერად. მერე მოვეგე გონს - შვეიცარიაში კი არ ხარ შე ბოგანომეთქი. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსიც კი ვერ მიგიღია, რა ადამიანის და შრომის უფლებები, რის საზ.ტრანსპორტის გაუმჯობესება და კონდიციონერი მომინდომე მეთქი. გადავიკიდე ჩანთა და გავფორთხდი მეტროსთან ალუჩის საყიდლად. იქით უფრო იაფადაა ვიდრე სადარბაზოსთან", - წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია.

"ზაფხულში ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს...  ნუღარ "ტისკავენ" ადამიანებს სამსახურში ივლისში..." - რას ითხოვს ჟურნალისტი?



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა