მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი - პრეზიდენტი აქციაზე გამომსვლელებს მიესალმება
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი, - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე "შინ ევროპისკენ" საუბრისას.
პრეზიდენტმა სამართალდამცავებს მოუწოდა, წესრიგი უზრუნველყონ.
„მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.