თეგებით ძიება

"გოგოსთან რომ მიხვიდე და ჰკითხო, გაცნობა თუ შეიძლებაო, მთელი ფესტივალი ისე შემოგხედავს, როგორც უკანასკნელ საცოდავს" - რატომ არის უკმაყოფილო დავით ჩუთლაშვილი Tbilisi Open Air-ით?

ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ის უარყოფით მხარეებზე სოციალურ ქსელში წერს:

"დასავლეთში Tbilisi Open Air-ის მსგავსი ფესტივალები (ვუდსტოკი, გლასტონბერი) შექმნეს ქვიარ, ჰიპურმა და პანკ-როკ მიმდინარეობებმა. ამ ფესტივალების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტი სოციალური კლიშეების მიმართ და თავისუფალი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთად შეიკრიბონ, ერთმანეთი გაიცნონ და თან კარგ მუსიკასაც მოუსმინონ. ამიტომ დასავლეთში მსგავს ფესტივალებზე რომ მოხვდები, სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, რომ უცნობი ადამიანები ერთმანეთის გაცნობით არიან დაკავებულები. ანუ შენ ხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთს შენს წინ პირდაპირ “ეჩალიჩებიან,” ურთიერთობენ ერთმანეთთან და იქვე უყვარდებათ კიდეც ერთმანეთი. საქართველოში კი ხედავ, რომ ტიპები ოჯახებით არიან მოსულები და არავინ არავის გაცნობით არ არის დაკავებული. პირიქით, ძალიან ცუდი ტონია, რომ მიხვიდე და გაიცნო მაგალითად გოგო, რომელიც დგას მარტო და ხელში რაღაც იდიოტური წვენით სავსე საწრუპიანი პლასტმასის ჭიქა უჭირავს და თავისთვის ნაზად ცეკვავს ისეთი სახით, თითქოს ხარისხიანი მუსიკის გარდა არაფერი არ აინტერესებდეს ამქვეყნად და თითქოს ათიოდე წუთის წინ ავტომანქანაში “ტაგანკას” არ უსმენდა. ასეთ გოგოსთან რომ მიხვიდე და ჰკითხო, უკაცრავად, თქვენი გაცნობა თუ შეიძლებაო, მთელი ფესტივალი შენსკენ შემობრუნდება და ისე შემოგხედავს, როგორც უკანასკნელ საცოდავს, რომელმაც ფესტივალის დედააზრს პირდაპირ სულში ჩააფურთხა. ჰოდა, მე ვერასოდეს ვერავითარ შინაარსს ვერ ვხედავდი იმაში, რომ Tbilisi Open Air-ზე წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მიყვარს მუსიკალური ფესტივალები.

ქართველებმა როგორც ქრისტიანობა გამოვშიგნეთ და გამოვაცალეთ მას სიკეთის და მოყვასისათვის თავგანწირვის მთელი არსი, ისევე ფესტივალებიც გამოვშიგნეთ და ვაქციეთ წმინდად ბიზნესის წყაროდ, სადაც ვიღაც ტიპები მიდიან, იჭყიპებიან დიდი რაოდენობით წვენებით, ირწევიან და მერე ისევ სახლში ბრუნდებიან, ძველებურად მარტოსულები. ჰოდა, რა ვიცი, რატომ უნდა ჩადგე საათობით საცობში და გაცურო ყელამდე ტალახში, თუ სახლში ისევ მარტო უნდა დაბრუნდე?

ამაში მგონი მართლა არ არის არავითარი აზრი", - წერს ჩუთლაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა