თეგებით ძიება

პროკურატურამ 2 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ 2 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიების ინფორმაციით, აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა კომუნიკაცია დაამყარა ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.

აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა